მაიკ პომპეო - ნიკოლას მადუროს კუბელები და რუსები იცავენ
მაიკ პომპეო - ნიკოლას მადუროს კუბელები და რუსები იცავენ

აშშ-ი რუსეთს ვენესუელაში შეჭრაში ადანაშაულებს. შესაბამისი განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ერთ-ერთ რადიოსადგურთან ინტერვიუში გააკეთა.

მაიკ პომპეოს განმარტებით, ლათინური ამერიკის ქვეყანაში კუბელები დიდი ხნის წინ შეიჭრნენ. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ იგივე გააკეთეს რუსებმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი დიპლომატის თქმით, კუბელები და რუსები მადუროს დაქვემდებარებაში არსებულ უსაფრთხოების ძალებში არიან.

მაიკ პომპეომ მათი ზუსტი რიცხვი არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ვენესუელაში რამდენიმე ათასი კუბელი და რამდენიმე ასეული რუსი იმყოფება. მისი თქმით, სწორედ კუბელები და რუსები იცავენ ნიკოლას მადუროს.

ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ოფიციალურ ჰავანას და მოსკოვს რეგიონში ეკონომიკური ინტერესები აქვთ. მაიკ პომპეოს განმარტებით, ვენესუელა დიდი ხნის განმავლობაში კუბას ნავთობს საკმაოდ დაბალ ფასში აძლევდა. მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკური ინტერესები ასევე ნავთობის სფეროს ეხება.

ვენესუელაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ვაშინგტონი ლათინური ამერიკის ქვეყანაში სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს. მაიკ პომპეოს განმარტებით, ამ შესაძლო ვარიანტს ვაშინგტონი იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ნიკოლას მადურო თანამდებობას არ დატოვებს.

2019 წელს ვენესუელაში სოციალურ კრიზისს სერიოზული პოლიტიკური კრიზისი დაემატა. მას შემდეგ, რაც ნიკოლას მადუროს საპრეზიდენტო ინაუგურაცია გაიმართა, ქვეყანაში მრავალათასიანი დემონსტრაციები დაიწყო. ერთი დღის შემდეგ კი, საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად ეროვნული ასამბლეის ლიდერმა, ხუან გუაიდომ გამოაცხადა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ლეგიტიმურობა მალე 50-ზე მეტმა სახელმწიფომ აღიარა. მათ შორის არის საქართველოც.