მაიკ პომპეო ნატო-ს მინისტრებთან ერთად, საქართველოსა და უკრაინასთან ნატო-ს ურთიერთობების გაღრმავების საკითხს განიხილავს
მაიკ პომპეო ნატო-ს მინისტრებთან ერთად, საქართველოსა და უკრაინასთან ნატო-ს ურთიერთობების გაღრმავების საკითხს განიხილავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ნატო-ს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. პომპეო ალიანსის წევრ საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, სხვა საკითხების გარდა, მნიშვნელოვან პარტნიორებთან, საქართველოსა და უკრაინასთან ნატო-ს ურთიერთობების გაღრმავების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ჰიზერ ნაუერტის განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მინისტერიალის მონაწილეები განიხილავენ ივლისის სამიტზე მიღებული დღის წესრიგის შესრულებაში მიღწეულ პროგრესს. უწყების ცნობით, მაიკ პომპეო ბრიუსელში კიდევ ერთხელ მოუწოდებს ალიანსის წევრებს, ერთობლივ საფრთხეებთან გასამკლავებლად თანაბარი პასუხისმგებლობა იტვირთონ, რაც 2024 წლისთვის ალიანსის ყველა წევრის მიერ თავდაცვითი ხარჯების მშპ-ს 2%-მდე გაზრდას ნიშნავს.

„მინისტრები ასევე განიხილავენ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებს, ნატო-ს ოპერაციებსა და პარტნიორობას, მათ შორის, მნიშვნელოვან პარტნიორებთან, საქართველოსა და უკრაინასთან ნატო-ს ურთიერთობების გაღრმავებას“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.