მაიკ პომპეო - მსურს, მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოსთან მიმართებაში ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე ვმუშაობთ
მაიკ პომპეო - მსურს, მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოსთან მიმართებაში ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე ვმუშაობთ

აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სახელმწიფოს მდივანს, მაიკ პომპეოს მოუსმინეს.

სახელმწიფო მდივანმა კონგრესმენების კითხვებს უპასუხა. კონგრესმენების კითხვები საქართველოს საკითხსაც შეეხო.

„გვაწუხებს რუსეთის აგრესია, რომელიც თავიდან მოლდოვაში დაიწყო, შემდეგ საქართველოს მისწვდა და მოგვიანებით უკრაინაში 10 000 ადამიანი იმსხვერპლა. კიდევ რა შეიძლება მოვიმოქმედოთ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად საჭირო შეიარაღების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით სამ ხსენებულ რესპუბლიკაში, რათა პუტინის რეჟიმის აგრესია შევაჩეროთ?“, – ჰკითხა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მაიკ პომპეოს.

როგორც მაიკ პომპეომ აღნიშნა, იმ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების წარმოჩინებისთვის, რომლებიც დასავლეთის გზას ადგანან, ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი.

„ამ სამი ქვეყნის შეიარაღების საკითხებს სიამოვნებით გავეცნობი უფრო დეტალურად. ამ კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სახელმწიფო დეპარტამენტში, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში დიალოგი გვქონდა. თავიდანვე მსურს, მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოსთან მიმართებით ვმუშაობთ ნატო-ში გაწევრიანებაზე. ეს ის საკითხებია, რომლითაც შეგვიძლია, დავეხმაროთ ამ ქვეყნების მოსახლეობას. გასულ წელს ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინისთვის იარაღი და სისტემები მიგვეწოდებინა, რასაც ამჟამად იყენებენ. ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი იმ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების წარმოჩინებისთვის, რომლებიც დასავლეთის გზას ადგანან”, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ამასთან, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მაიკ პომპეოს განცხადების შემდეგ აღნიშნა, რუმინეთისა და ბულგარეთის მიერ მიღწეული წარმატებას ერთად იხილა საქართველოს წარმატებაც.

როგორც კონგრესმენმა ტედ პომ აღნიშნა, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წარმომადგენლები ძალიან ცუდ სამეზობლოში იმყოფებიან, „სამივეს რუსები ჰყავს ქვეყნის შიგნით შეჭრილი“.

„იმედი მაქვს, სწორად შევძლებთ ყურადღების კონცენტრაციას, რათა დასავლეთისკენ სვლაში დავეხმაროთ, რომ არ იბრუნონ პირი რუსეთისკენ”, – განაცხადა კონგრესმენა.