მაიკ პომპეო მიიჩნევს, რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ჩარევას მომავალი ათწლეულების განმავლობაშიც ეცდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მიიჩნევს, რომ რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნებში ჩარევას მომავალი ათწლეულების განმავლობაშიც ეცდება. ამის შესახებ პომპეომ ამერიკულ გამოცემა „ჰილთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„უნდა ველოდოთ, რომ 2050 წელსაც რუსები ამის გაკეთებას ეცდებიან“, – აღნიშნა მაიკ პომპეომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევის მცდელობა სიახლე არ არის.
„უდავოდ, ისინი ემუქრებოდნენ ჩვენს არჩევნებს 1974 წელსაც. ისინი ერეოდნენ ჩვენს არჩევნებში 80-იანებშიც“, – განაცხადა პომპეომ.
ამასთან, ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, საფრთხე არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ ჩინეთიდან, ირანიდან, ასევე არასახელმწიფო მოთამაშეებისგანაც მომდინარეობს. ეს საფრთხეები კი შესაძლოა ეხებოდეს არა მხოლოდ არჩევნებს, არამედ ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას. მათ შორის – ფინანსურ სისტემასა და ტელეკომუნიკაციას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ რუსეთის ჩარევის შესაკავებლად, ბარაკ ობამას ადმინისტრაციას უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა.
„რუსები ჩაერივნენ. ეს ხდებოდა 2016 წლის არჩევნების წინ. რა თქმა უნდა, მათ ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ ამის თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნა მაიკ პომპეომ.