მაიკ პომპეო - გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დონალდ ტრამპსა და ჰასან როუჰანს შორის შესაძლოა, შეხვედრა გაიმართოს
მაიკ პომპეო - გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დონალდ ტრამპსა და ჰასან როუჰანს შორის შესაძლოა, შეხვედრა გაიმართოს

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დონალდ ტრამპსა და ჰასან როუჰანს შორის შესაძლოა, შეხვედრა გაიმართოს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა.

მაიკ პომპეოს განმარტებით, ლიდერების შეხვედრის ბედი ირანზეა დამოკიდებული.

მანამდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის პრეზიდენტთან შეხვედრას არ გამორიცხავს. თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, თეთრი სახლის ლიდერი პირველ ნაბიჯს ირანისგან ელის.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესია 24-30 სექტემბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას 100 ქვეყნის ლიდერი და 80-მდე პრემიერ-მინისტრი მიიღებს. დონალდ ტრამპი სიტყვით სესიის პირველ დღეს, 24 სექტემბერს გამოვა. ირანის პრეზიდენტი, ჰასან როუჰანი კი, ტრიბუნას როგორც მოსალოდნელია 25 სექტემბერს დაიკავებს.

ბოლო პერიოდში აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით არის გამწვავებული. გასულ წელს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით არსებულ შეთანხმებას გამოეთიშა. რის შემდეგაც ვაშინგტონმა ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დოკუმენტის საფუძველზე გაუქმებული სანქციები განაახლა.