მაიკ პომპეო - დონალდ ტრამპი ცდილობს ირანი აიძულოს, რომ ნორმალური ქვეყანასავით იქცეოდეს
მაიკ პომპეო - დონალდ ტრამპი ცდილობს ირანი აიძულოს, რომ ნორმალური ქვეყანასავით იქცეოდეს

ირანის წინააღმდეგ განახლებული სანქციები თეირანის მთავრობის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის მნიშვნელოვანი საყრდენია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა.

მაიკ პომპეოს თქმით, ვიდრე ირანის მთავრობა კურსს რადიკალურად არ შეცვლის, სანქციები მკაცრად აღსრულდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მზადაა, ურთიერთობების პერსპექტივა სანქციების მიღმაც განიხილოს, თუმცა ეს თეირანიდან უზარმაზარ ცვლილებებს მოითხოვს.

„დონალდ ტრამპი ცდილობს ირანი აიძულოს, რომ ნორმალური ქვეყანასავით იქცეოდეს, მაგრამ დღესდღეობით მათი ქცევის ცვლილების მტკიცებულება არ არის. ირანის მოსახლეობა საკუთარი ხელმძღვანელობით ბედნიერი არ არის“, – თქვა პომპეომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ირანის ბალისტიკური რაკეტების გამოცდა და რეგიონში სამხედრო დაჯგუფებების მხარდაჭერაა. ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების ნაწილი ექვსი აგვისტოდან შევიდა ძალაში.