მაიკ პომპეო - დონალდ ტრამპი აპირებს, გამოასწოროს ის აღმაშფოთებელი შეცდომები, რომლებიც ირანთან მიღწეულ შეთანხმებაშია
აშშ-ის პრეზიდენტი აპირებს, გამოასწოროს ის აღმაშფოთებელი შეცდომები, რომლებიც ირანთან ბირთვული განიარაღების საკითხზე მიღწეულ შეთანხმებაშია დაშვებული. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა, ამჟამად დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.
მაიკ პომპეო დღეს სენატის წინაშე მოსმენაზე წარდგება, სადაც მისი კანდიდატურის დამტკიცების საკითხს განიხილავენ. მის მიერ წინასწარ წერილობითი ფორმით გაკეთებულ განცხადებებს კი, თეთრ სახლზე დაყრდნობით, მედია ავრცელებს.
მაიკ პომპეოს თქმით, პრეზიდენტი მზად არის პარტნიორებთან სამუშაოდ, რათა გადაიხედოს ირანთან ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა. დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი აღნიშნავს, რომ ირანმა ჩადენილი სახიფათო ქმედებებისთვის საკმაოდ მცირე ფასი გადაიხადა. პომპეოს თქმით, ისინი ვერ დაუშვებენ, რომ ამ შეთანხმებამ ხელი შეუშალოს ბრძოლას ირანის მიერ განხორციელებული კიბერთავდასხმებისა და იემენში მებრძოლი მეამბოხე ჰუსიტების იარაღით მომარაგების წინააღმდეგ, რომელსაც შემდეგ ისინი საუდის არაბეთსა და ამერიკელებზე თავდასხმისთვის იყენებენ. პომპეო აღნიშნავს, რომ ირანის ქმედებები სირიაში, ერაყსა და ლიბანში საფრთხეს უქმნის ისრაელის არსებობას, გლობალური მასშტაბით კი ჰეზბოლას ქმედებები აშშ-ის ემუქრება.
სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა ჩრდილოეთ კორეის საკითხზე. მაიკ პომპეოს თქმით, აშშ არ აპირებს ფხენიანთან თამაშს. ვაშინგტონი ბირთვულ განიარაღებაზეა ორიენტირებული. „მე წავიკითხე ჩრდილოეთ კორეასთან ადრინდელი მოლაპარაკების შესახებ დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ისტორიული მასალები და დარწმუნებული ვარ, რომ ძველ შეცდომებს აღარ გავიმეორებთ“, – აცხადებს პომპეო.
რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობებს, მომავალი სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ვაშინგტონი პეკინთან დიპლომატიური მეთოდებით აპირებს მუშაობასა და ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ჩინეთი განაგრძობს კოორდინირებულ ძალისხმევას აშშ-ისთვის კონკურენციის გაწევის მიზნით. პომპეო აღნიშნავს, რომ ჩინეთი სარგებლობს აშშ-ის რბილი სავაჭრო პოლიტიკით და განაგრძობს პროვოკაციებს სამხრეთ ჩინეთისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვებში, ასევე კიბერსივრცესა და კოსმოსშიც.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი შეეხო, საგარეო პოლიტიკაში ომის გამოყენების საკითხია. მისი თქმით, ის არ მიეკუთვნება „ქორს“, რომელიც ომისკენ მიისწრაფვის.
„მე ვიცი და არა ყურმოკვრით, თუ რა მტკივნეულ მსხვერპლს იღებენ ფორმის მატარებელი მამაკაცები და ქალები. ასე, რომ როდესაც ჟურნალისტები, რომელთა უმეტესობაც პირადად არასდროს შემხვედრია, „ქორის“, „ომის მომხრის“ ან კიდევ უარეს იარლიყს მაკრავს, მე მხოლოდ თავს ვიქნევ. ცოტას თუ ეშინია იმაზე მეტად ომის, ვიდრე მათ, ვინც მსახურობდა. ომი ყოველთვის უკიდურესი საშუალებაა. უპირატესობას ვანიჭებ საგარეო პოლიტიკის სფეროში პრეზიდენტის ამოცანების დაუღალავი დიპლომატიით რეალიზაციას და არა ახალგაზრდების ომში გაგზავნას“, – აცხადებს მაიკ პომპეო.
ტრამპმა ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი ქვეყნის პირველი დიპლომატის პოსტზე 13 მარტს წარადგინა, მას შემდეგ, რაც რექს ტილერსონი ამ თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ტრამპს პომპეოსთან კარგი ურთიერთობა აქვს და მიიჩნევს, რომ მათი აზრები ბევრად უფრო თანხვედრაშია, ვიდრე ეს ტილერსონის შემთხვევაში იყო, რომელიც მნიშვნელოვან საკითხებზე პრეზიდენტის შეხედულებებს უპირისპირდებოდა.