პომპეოს მიაჩნია, რომ ამერიკული კომპანიები, რომლებიც იმ ადგილებში ოპერირებენ, სადაც ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის „ჰუავეის“ მოწყობილობებია განთავსებული, სავარაუდოდ, პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან.
ეს განცხადება პომპეომ დღეს ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ვიზიტის დროს, რეპორტიორებთან შეხვედრაზე გააკეთა. ერთ-ერთმა რეპორტიორმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰკითხა, თუ რა პერსპექტივა აქვს ფილიპინებს, რომელიც „ჰუავეის“ მეხუთე თაობის ტექნოლოგიას იყენებს და პარალელურად, ცდილობს მოძველებული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას.
„ჩვენი ამოცანაა, რომ მსოფლიოს ტექნოლოგიებთან დაკავშირებული რისკების შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია, იმ რისკებზე, რაც ფილიპინების ხალხის, ფილიპინების უსაფრთხოების წინაშე დგას. იმ რისკზე, რომ ამერიკა ვერ იმოქმედებს გარემოში, თუ იქ „ჰუავეის“ ტექნოლოგიებია ახლოს. ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ მსოფლიოს თვალი უჭირავს იმ რისკებზე, რაც ინფრასტრუქტურაში [ჩინური] ტექნოლოგიების ჩართვას, [ინფრასტრუქტურის] ხერხემლად გარდაქმნას ახლავს თან,“- განაცხადა პომპეომ მანილაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
ოფიციალური ვაშინგტონი დიდი ხანია „ჰუავეის“ ტექნოლოგიების საწინააღმდეგოდ არის განწყობილი და ამას საჯაროდ აცხადებს. თეთრი სახლი ცდილობს, ამერიკულ კომპანიებში „ჰუავეის“ ტექნოლოგიების შეძენა დაბლოკოს. პარალელურად, ვაშინგტონი მოკავშირეებსაც მოუწოდებს, იგივე გააკეთონ.