მაიკ პომპეო ჩინეთს უხანის ლაბორატორიაზე საერთაშორისო დაშვებისკენ მოუწოდებს
მაიკ პომპეო ჩინეთს უხანის ლაბორატორიაზე საერთაშორისო დაშვებისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩინეთს უხანის ლაბორატორიაზე საერთაშორისო დაშვებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მაიკ პომპეოს განცხადებით, მსოფლიომ უნდა გაიგოს, როგორ წარმოიშვა „კოვიდ-19“-ის პანდემია და პეკინი ვალდებულია, იმოქმედოს გამჭვირვალედ.

„ჩვენ ამ დრომდე ვერ მოვიპოვეთ წვდომა, მსოფლიომ ვერ მოიპოვა წვდომა უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტზე. ჩვენ დაზუსტებით არ ვიცით, საიდან წარმოიშვა ეს ვირუსი“, – განაცხადა მაიკ პომპეომ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მაიკ პომპეოს თქმით, აშშ შეშფოთებულია ჩინეთის ლაბორატორიების უსაფრთხოების გამო.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩინეთში რამდენიმე ლაბორატორიაა, რომელიც კვლავ აგრძელებს მუშაობას ინფექციურ პათოგენებზე და ჩვენ არ ვიცით, მუშაობენ თუ არა ისინი უსაფრთხოების დონეზე, რათა თავიდან აიცილონ მსგავსის გამეორება. ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ გვითხრა, რომ სურს, იყოს ჩვენი პარტნიორი. სანდო პარტნიორები ვალდებულები არიან, ინფორმაცია გააზიარონ​“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორი კვირის წინ განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია იძიებს, ხომ არ გავრცელდა კორონავირუსის ეპიდემია უხანის ლაბორატორიიდან.