მაიკ პომპეო - აშშ ვერ ითანამშრომლებს ქვეყნებთან, რომლებიც ჩინური კომპანია „ჰუავეის“ სისტემებს იყენებენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვერ ითანამშრომლებს და ვერ გაცვლის ინფორმაციას ქვეყნებთან, რომლებიც იყენებენ ჩინური კომპანია „ჰუავეის“ სისტემებს.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის მიზეზად მაიკ პომპეომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საშიშროება დაასახელა.
„ფოქს ბიზნესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებმა და სხვა სახელმწიფოებმა უნდა გააცნობიერონ კომპანია „ჰუავეის“ სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების დანერგვის რისკები და საბოლოოდთქვან უარი ამ კომპანიის სისტემების გამოყენებაზე.
„ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ამერიკული ინფორმაცია რისკის ქვეშ აღმოჩნდეს“, – აღნიშნა პომპეომ.
რამდენიმე სახელმწიფომ, კერძოდ აშშ-მა, კანადამ, ავსტრალიამ, იაპონიამ და ჩეხეთმა „ჰუავეის“ მოწყობილობების გამოყენება უკვე შეზღუდა. აშშ-ში მიიჩნევენ, რომ „ჰუავეი“ შესაძლოა, ჩინეთის უსაფრთხოების სამსახურებმა ჯაშუშობისთვის გამოიყენონ.