მაიკ პომპეო - აშშ-სთვის საუდის არაბეთთან ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
მაიკ პომპეო - აშშ-სთვის საუდის არაბეთთან ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საუდის არაბეთთან ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მაიკ პომპეომ ვაშინგტონში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თქმით, ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთის სამეფოსთან ურთიერთობას მომავალშიც გააგრძელებს. დიპლომატის განმარტებით, ვაშინგტონი ვალდებულია, გაატაროს ის პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

„ეს ხანგრძლივი და ისტორიული ვალდებულებაა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მაიკ პომპეომ პრესკონფერენციაზე.

ცოტა ხნის წინ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ი მომავალშიც საუდის არაბეთის მტკიცე პარტნიორი იქნება. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გაგრძელდება მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, პრინცმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შესახებ იცოდა.

რამდენიმე დღის წინ წინ The Washinton Post-მა, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სააგენტოს დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მოკვლის ბრძანება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა გასცა.

ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს 2 ოქტომბერს ესტუმრა. მას შემდეგ, Washington Post-ის ჟურნალისტი გაუჩინარდა, ოფიციალურმა ერ-რიადმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობა აღიარა.