მაიკ პომპეო - ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არასოდეს აღიარებს
მაიკ პომპეო - ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არასოდეს აღიარებს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არასოდეს აღიარებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა. ქვეყნის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ძველებურად მოითხოვს.

„ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ პრინციპებს არ უღალატებს და კრემლის მიერ ძალის გამოყენებით და საერთაშორისო სამართლის დარღვევით დაკავებული ტერიტორიის სუვერენიტეტს არასოდეს აღიარებს“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში.

ამასთან, მაიკ პომპეო რუსეთს ყირიმის ანექსიის დასრულებისა და საერთაშორისო პრინციპების პატივისცემისკენ მოუწოდებს.

ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიურმა უწყებამ მაიკ პომპეოს მოხსენება სენატში მოსმენამდე ცოტა ხნით ადრე გაავრცელა. სახელმწიფო მდივანი ახლა სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის კითხვებს პასუხობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კომიტეტის წევრები აქცენტს სავარაუდოდ ჰელსინკიში გამართულ ისტორიულ შეხვედრაზე გააკეთებენ.

როგორც მაიკ პომპეომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი შეხვედრის დროს ყირიმის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. მისი თქმით, ორივე ლიდერი ძველ პოზიციაზე დარჩა.