მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აშშ-ს უნდა, პაკისტანთან ურთიერთობა გააუმჯობესოს
მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აშშ-ს უნდა, პაკისტანთან ურთიერთობა გააუმჯობესოს

ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა, პაკისტანთან ურთიერთობა გააუმჯობესოს, – ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ისლამაბადში სტუმრობის დროს განაცხადა.

მაიკ პომპეო ცენტრალური აზიის სახელმწიფოს დღეს ეწვია. პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ გარკვეული სირთულეების მიუხედავად, ვაშინგტონი მხარეებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას იმედოვნებს.

„ჩვენს ორ ქვეყანას შორის ძალიან ბევრი წინაღობა არსებობს, თუმცა იმედი გვაქვს, პაკისტანის ახალ ხელისუფლებასთან საერთო ინტერესების გათვალისწინებით, თანამშრომლობას გავაუმჯობესებთ“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი დიპლომატი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებასთან ერთად, ცენტრალური აზიის სახელმწიფოში არსებული რადიკალური დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლას განიხილავს. ამ თემაზე სასაუბროდ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პაკისტანის პრემიერ-მინისტრს, აშრაფ ღანის და სამხედრო მაღალჩინოსნებს შეხვდება.

რამდენიმე დღის წინ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პაკისტანის სამხედრო მხარდაჭერისთვის განკუთვნილი 300 მილიონიანი ფინანსური დახმარება გააუქმა. პაკისტანელი დიპლომატები აცხადებენ, რომ შეხვედრის დროს სახელმწიფო მდივანს აღნიშნულ საკითხზეც გაესაუბრებიან.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა ბოლო წლებში გაუარესდა. ოფიციალური ვაშინგტონი ისლამაბადს ავღანეთში მოქმედი „თალიბანის“ და დაჯგუფება „ჰაკანის ქსელის“ ფარულ მხარდაჭერაში ადანაშაულებს. ოფიციალური ისლამაბადი აღნიშნულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

სამხრეთ აზიის ტურის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი პაკისტანის შემდეგ ინდოეთს ესტუმრება.