მაიკ პომპეო ​აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში ჩვენების მისაცემად მზად არის, თუ ამას კანონი მოითხოვს
მაიკ პომპეო ​აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში ჩვენების მისაცემად მზად არის, თუ ამას კანონი მოითხოვს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში სენატისთვის ჩვენებების მისაცემად მზად არის, თუ ამას კანონი მოითხოვს. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ მაიკ პომპეომ თავდაცვის მდივან მარკ ესპერთან, ასევე ინდოეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მოხარული ვიქნები წარვადგინო დოკუმენტები, მოხარული ვიქნები მივცე ჩვენება, თუ ეს შესაბამისი იქნება და კანონი მოითხოვს“, – განაცხადა პომპეომ.

მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი თავისი მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს, როგორც ამას აქამდე აკეთებდა.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში გამოძიების დაწყებისას თავდაპირველად მაიკ პომპეო ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფო დეპარტამენტის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები დაკითხვას.

წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უნდა უყაროს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წარდგენის საკითხს. ოპონენტები აშშ-ის პრეზიდენტს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესის მუშაობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებენ. კერძოდ, დემოკრატები დონალდ ტრამპს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკიზე ზემოქმედებაში ადანაშაულებენ. აშშ-ის პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს.