მაიკ პენსმა ახლო აღმოსავლეთში ვიზიტი გადადო
მაიკ პენსმა ახლო აღმოსავლეთში ვიზიტი გადადო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ახლო აღმოსავლეთში ვიზიტი, რომელიც მიმდინარე კვირას იყო დაგეგმილი, გადადო. თეთრი სახლის წარმომადგენელი განმარტავს, თუ რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი.
მათი ცნობით, აშშ-ის კონგრესის სენატში გადასახადების შესახებ რეფორმის კენჭისყრაზე პენსის დასწრება აუცილებელია, სწორედ ამიტომ ვიცე-პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთში გამზგავრების თარიღი შეცვალა. თეთრი სახლის ცნობით, პენსის ვიზიტი 14 იანვრისთვის ჩანიშნეს.
„ვიცე-პრეზიდენტს სურს, თავად ადევნოს თვალი, რომ გადასახადების შესახებ რეფორმის კანონპროექტი ბოლომდე იქნეს მიყვანილი“, – აღნიშნა პენსის პრესსპიკერმა. მისივე თქმით, ვიცე-პრეზიდენტი მოუთმენლად ელის ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებას.
მანამდე კი ბეთლემში, იმის ნიშნად, რომ მისი ჩასვლის წინაამდეგები არიან, მაიკ პენსის გამოსახულებით პლაკატები დაწვეს. უფრო ადრე, იერუსალიმში გამყოფ კედელზე წარწერა გამოჩნდა, „პენს აქ არავინ გელის“. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ვიზიტის დროს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი თქვა პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა.