მაიკ პენსი - ყასემ სეოლეიმანის ლიკვიდაციით ამერიკელები დღეს უფრო უსაფრთხოდ არიან
მაიკ პენსი - ყასემ სეოლეიმანის ლიკვიდაციით ამერიკელები დღეს უფრო უსაფრთხოდ არიან

გენერალ ყასემ სეოლეიმანის ლიკვიდაციით ამერიკელები დღეს უფრო უსაფრთხოდ არიან. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა ტელეკომპანია „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მჯერა, რომ ჩვენ დღეს უფრო უსაფრთხოდ ვართ, ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი ჩვენ სამხედროებს ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციას დაავალებდა. ეს იყო კაცი, რომელიც ხელმძღვანელობდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც რეგიონში ძალადობას თესავდა“, – განაცხადა მაიკ პენსმა.

მაიკ პენსის თქმით, მებრძოლთა ბაზებზე განხორციელებული ავიადარტყმებით, მკაფიო გზავნილი გაკეთდა, რომ აშშ ძალადობის მიმართ ტოლერანტული არ იქნება.

წამყვანის კითხვაზე, იყვნენ თუ არა გაფრთხილებული მოსალოდნელ თავდასხმასთან დაკავშირებით, მაიკ პენსი აცხადებს, რომ მათ ჰქონდათ დაზვერვის სამსახურისგან მიღებული ინფორმაცია მოსალოდნელ თავდასხმაზე. ამასთან ირანისგან წამოსული მუქარა მსოფლიომაც მოისმინა.

„გვქონდა წინასწარი გაფრთხილების სისტემები, რამაც საშუალება მოგვცა გაგვერიდებინა ამერიკელები და ჩვენი მოკავშირეები საფრთხისგან“, – განაცხადა პენსმა.

ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი არ მიისწრაფის ირანთან ომისკენ.

მაიკ პენსი აღნიშნავს, რომ დაზვერვის სამსახურისგან დამაიმედებელ მონაცემებს იღებენ იმის თაობაზე, რომ ირანი მის მიერ დაფინანსებულ მებრძოლებს მითითებას აძლევს, არ გამოვიდნენ ამერიკული სამიზნეების ან მოქალაქეების წინააღმდეგ.