მაიკ პენსი - ვინც დღეს კაპიტოლიუმში ქაოსი მოაწყვეთ, ვერ გაიმარჯვეთ, ძალადობა არასოდეს იმარჯვებს
მაიკ პენსი - ვინც დღეს კაპიტოლიუმში ქაოსი მოაწყვეთ, ვერ გაიმარჯვეთ, ძალადობა არასოდეს იმარჯვებს

აშშ-ის კონგრესის სხდომა ქვეყნის მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა გახსნა. პენსმა სიტყვით გამოსვლისას ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრა დაგმო. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„დღეს ჩვენი კაპიტოლიუმი დავიცავით. ყოველთვის მადლიერნი ვიქნებით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ ისტორიული ადგილის დასაცავად თავიანთ პოსტზე დარჩნენ. მათ კი, ვინც დღეს კაპიტოლიუმში ქაოსი მოაწყვეს, თქვენ ვერ გაიმარჯვეთ. ძალადობა არასოდეს იმარჯვებს. იმარჯვებს თავისუფლება. ეს ისევ ერის სახლია. ჩვენ ხელახლა შევიკრიბეთ იმისათვის, რომ მსოფლიოს დავანახოთ ჩვენი დემოკრატიის ძალა. სასტიკი ძალადობისა და ვანდალიზმის მიუხედავად, ამერიკელი ხალხის არჩეული წარმომადგენლები კვლავ კაპიტოლიუმში იმყოფებიან, რათა დაიცვან ქვეყნის კონსტიტუცია. მოდით, მუშაობა გავაგრძელოთ“, – განაცხადა პენსმა.

სენატის უმრავლესობის ლიდერის, მიჩ მაკკონელის თქმით კი, კონგრესში შეჭრილ დემონსტრანტებს დემოკრატიისთვის ზიანის მიყენება სურდათ, თუმცა არ გამოუვიდათ. მაკკონელის განცხადებით, მათ ვერ შეძლეს კონგრესისთვის ხელი შეეშალათ. სენატორ ჩაკ შუმერის განცხადებით, დღევანდელი დღე აშშ-ის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ დღედ ჩაიწერება.