მაიკ პენსი სენატის შენობაში დაბრუნდა
მაიკ პენსი სენატის შენობაში დაბრუნდა

აშშ-ის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი სენატის შენობაში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას სიენენი ვიცე-პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი სენატში დაბრუნდა. მას კაპიტოლიუმი არ დაუტოვებია. ახლა ჩვენ ხალხის საქმეს დავასრულებთ“ – განაცხადა მაიკ პენსის პრესმდივანმა.

სიენენის“ ინფორმაციით, აშშ-ის საიდუმლო სამსახურს სურდა, რომ პენსს კაპიტოლიუმის შენობა დაეტოვებინა, თუმცა მან შენობაში დარჩენა არჩია. მთელი არეულობის პერიოდში, საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები მაიკ პენსთან იმყოფებოდნენ. „სიენენი“ კიდევ ერთ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამ საღამოს კონგრესის ერთობლივ სხდომაზე „ის თავის მოვალეობას შეასრულებს“.

ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის კონგრესის წევრების დიდმა ნაწილმა, კაპიტოლიუმის შენობის უსაფრთხო ადგილები დატოვეს და ისინი დაჩქარებულ პროცესზე მუშაობენ. მანამდე კი, რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრეჰემმა კონგრესის მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებულ კითხვაზე უპასუხა, რომ მათ ბაიდენისა და ჰარისის გამარჯვების დადასტურების კონსტიტუციური საქმიანობა უნდა დაასრულონ.