მაიკ პენსი - მედიის მიერ კორონავირუსის „მეორე ტალღის“ გამო დაწყებული პანიკა გადაჭარბებულია
მაიკ პენსი - მედიის მიერ კორონავირუსის „მეორე ტალღის“ გამო დაწყებული პანიკა გადაჭარბებულია

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი კორონავირუსის მეორე ტალღის გამო პანიკას გადაჭარბებულს უწოდებს. ამის შესახებ მაიკ პენსი „უოლ სთრით ჯოურნალში“ გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომლის სახელწოდებაა – „კორონავირუსის „მეორე ტალღა“ არ არის“.

ვიცე-პრეზიდენტმა კორონავირუსის მეორე ტალღის საფრთხის გამწვავებაში მედია დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის რეაგირება ვირუსის გავრცელებაზე წარმატებული იყო.

„პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობით და ამერიკელი ხალხის სიმამაცითა და თანაგრძნობით, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იმაზე ძლიერია, ვიდრე ოთხი თვის წინ იყო და ჩვენ ვიმარჯვებთ უხილავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – წერს მაიკ პენსი.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელში პოზიტიური ნიშნებია და შტატების უმრავლესობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა მცირდება ან სტაბილური რჩება.

„სიმართლე შემდეგში მდგომარეობს – რაც არ უნდა თქვას მედიამ, ჩვენი საყოველთაო მიდგომა წარმატებული იყო. ჩვენ შევანელეთ ვირუსის გავრცელდება, ვიზრუნეთ ყველაზე მოწყვლადებზე, გადავარჩინეთ ადამიანების სიცოცხლე და შევქმენით სოლიდური ფუნდამენტი ნებისმიერი გამოწვევისთვის, რომლის წინაშე შესაძლოა, მომავალში აღმოვჩნდეთ. ეს არის ზეიმის და არა მედიის მხრიდან შიშის გაძლიერების მიზეზი…

ბოლო დღეებში, მედიამ ატეხა განგაში კორონავირუსული ინფექციის „მეორე ტალღის“ გამო. ასეთი პანიკა გადაჭარბებულია“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.