მაიკ პენსი - ჯო ბაიდენისა და რადიკალი მემარცხენეების ხელში ამერიკა დასუსტდა და ვეცდები, დავაბრუნო ქვეყანა კონსერვატიულ პრინციპებზე
მაიკ პენსი - ჯო ბაიდენისა და რადიკალი მემარცხენეების ხელში ამერიკა დასუსტდა და ვეცდები, დავაბრუნო ქვეყანა კონსერვატიულ პრინციპებზე

სხვადასხვა დრო მოითხოვს განსხვავებულ ლიდერობას და ერს სჭირდება ლიდერი, რომელიც, როგორც ლინკოლნმა თქვა, ჩვენი ბუნების საუკეთესო მხარეს წარმოაჩენს, – ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას.

მისი თქმით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და რადიკალი მემარცხენეების ხელში ამერიკა დასუსტდა და ის ეცდება, დააბრუნოს ამერიკა კონსერვატიულ პრინციპებზე.

„განზე გადგომა ადვილი იქნებოდა, მაგრამ მე ასე არ გავზრდილვარ. სწორედ ამიტომ, დღეს ღვთისა და ჩემი ოჯახის წინაშე ვაცხადებ, რომ კენჭს ვიყრი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად“, – აცხადებს პენსი.

მაიკ პენსი ასევე აცხადებს, რომ მას სჯერა ამერიკელი ხალხის და მისი თქმით, საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის.

„მე მჯერა ამერიკელი ხალხის და მაქვს რწმენა, რომ ღმერთს ჯერ არ დაუსრულებია ამერიკა. ერთად, ჩვენ შეგვიძლია ამ ქვეყნის დაბრუნება და საუკეთესო დღეები უდიდესი ერისთვის ჯერ კიდევ წინ არის“, – აღნიშნა მაიკ პენსმა.

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი თავის კამპანიას ოჯახთან და მხარდამჭერებთან ერთად 7 ივნისს, ნაშუადღევს, აიოვას შტატში დაიწყებს, რომელიც ერთ-ერთია იმ შტატებს შორის, სადაც ხმის მიცემა ადრეულად იწყება.