მაიკ პენსი - დონალდ ტრამპის მიმართ შესაძლო ბრალის წაყენება პოლიტიკური მოტივებით დევნა იქნება
მაიკ პენსი - დონალდ ტრამპის მიმართ შესაძლო ბრალის წაყენება პოლიტიკური მოტივებით დევნა იქნება

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ შესაძლო ბრალის წაყენება პოლიტიკური მოტივებით სისხლისსამართლებრივი დევნა იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა ABC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, ხალხის პროტესტისკენ ტრამპის მოწოდების შესახებ, თუ მას ბრალს წაუყენებენ, პენსის თქმით, მომიტინგეები მიხვდებიან, რომ მათ ეს უნდა გააკეთონ მშვიდობიანად და კანონიერი გზით.

დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ 21 მარტს, შესაძლოა, დააკავონ, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიას ბრალის წარდგენის შემთხვევაშიც გააგრძელებს.

„გაოგნებული ვარ შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენების იდეით იმ დროს, როდესაც ნიუ იორკში დანაშაულის ტალღაა, იმ ფაქტით, რომ მანჰეტენის სასამართლო ფიქრობს, რომ პრეზიდენტ ტრამპისთვის ბრალდების წაყენება მისი მთავარი პრიორიტეტია. ვფიქრობ, ეს, უბრალოდ, ამბობს ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ ამ ქვეყანაში რადიკალი მემარცხენეების შესახებ. ეს, უბრალოდ, პოლიტიკურ დევნას ჰგავს აქ და მე, ჩემი მხრივ, უბრალოდ, ვგრძნობ, რომ ეს არ არის ის, რისი ხილვაც ამერიკელ ხალხს სურს. ჩვენ დღეს რეალური გამოწვევები გვაქვს ამ ქვეყანაში. საქმის არსებით მხარეზე ვერ ვისაუბრებ. ამერიკაში კი უდანაშაულო ხარ, ვიდრე დანაშაული არ დამტკიცდება. ეს ყოველთვის ასე არ არის ეროვნულ მედიაში, მაგრამ ასეა ჩვენს მართლმსაჯულების სისტემაში“, – განაცხადა მაიკ პენსმა.