მაიკ პენსი და კამალა ჰარისი ტელედებატების დროს პანდემიასთან ბრძოლისა და რასობრივი დისკრიმინაციის საკითხებზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
მაიკ პენსი და კამალა ჰარისი ტელედებატების დროს პანდემიასთან ბრძოლისა და რასობრივი დისკრიმინაციის საკითხებზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

აშშ-ში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ტელედებატები გაიმართა. ერთმანეთს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი მაიკ პენსი და დემოკრატების კამალა ჰარისი დაუპირისპირდნენ. დებატები 90 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

მწვავე იყო დებატები კორონავირუსთან დაკავშირებით. კამალა ჰარისმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყნის ისტორიაში ნებისმიერ საპრეზიდენტო ადმინისტრაციის ყველაზე დიდ მარცხად მოიხსენია. მისი თქმით, დონალდ ტრამპი გამიზნულად ცდილობს, ამერიკელების შეცდომაში შეყვანას ვირუსის ლეტალურობასთან დაკავშირებით.

თავის მხრივ, მაიკ პენსის თქმით, ტრამპმა გააკეთა ის, რაც არც ერთ პრეზიდენტს არ უქნია – „პირველივე დღიდან ამერიკელების ჯანმრთელობა პირველ ადგილზე დააყენა და ჩინეთთან მიმოსვლა შეაჩერა“.

მაიკ პენსმა ჯო ბაიდენის პანდემიის გეგმა პლაგიატობად მოიხსენია და განაცხადა, რომ ის სხვა არაფერია, თუ არა თეთრი სახლის ამჟამინდელი სამოქმედო გეგმა.

ოპონენტებმა იკამათეს კლიმატთან დაკავშირებითაც. კამალა ჰარისის თქმით, ტრამპმა ადმინისტრაციის ვებგვერდიდან სიტყვა „მეცნიერებაც“ კი წააშლევინა. მისი თქმით, პრეზიდენტს არ სჯერა მეცნიერების. იმ დროს, როდესაც მისი მშობლიური კალიფორნია იწვის და მექსიკის ყურეში კი ქარიშხლები მძვინვარებს.

რასობრივ სამართლიანობასთან დაკავშირებით, მაიკ პენსმა შეშფოთება გამოხატა მინესოტაში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო და აღნიშნა, რომ არეულობაში გადაზრდილ შედეგებსა და ამბოხს არავითარი გამართლება არ აქვს.

კამალა ჰარისმა მაიკ პენსს მიუთითა, რომ გასულ კვირას, საპრეზიდენტო დებატებისას, დონალდ ტრამპმა უარი თქვა დაეგმო თეთრი რასის უპირატესობის მომხრეები.

ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატებისას საუბარი შეეხო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევის ვადებსაც, კამალა ჰარისის თქმით, პირველ რიგში ხალხმა თეთრი სახლის ახალი ლიდერი უნდა აირჩიოს და შემდეგ შეავსოს მოსამართლის ვაკანტური სავარძელი.

დატოვე კომენტარი