მაიკ პენსი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს​ აფრთხილებს, არ „ეთამაშოს“ დონალდ ტრამპს
მაიკ პენსი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს​ აფრთხილებს, არ „ეთამაშოს“ დონალდ ტრამპს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს აფრთხილებს, არ „ეთამაშოს“ დონალდ ტრამპს.

„უდიდესი შეცდომა იქნება, თუ კიმ ჩენ ინი იფიქრებს, რომ შეუძლია დონალდ ტრამპი გააცუროს“, – ამის შესახებ მაიკ პენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპს 12 ივნისს დანიშნულ სამიტზე უარის თქმაც შეუძლია.
ამ ისტორიულ შეხვედრაზე უარის თქმით პირველად ჩრდილოეთ კორეა დაიმუქრა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, ჯონ ბოლტონის განცხადებით ფხენიანში უკმაყოფილონი დარჩნენ.

მაშინ ბოლტონმა ვარაუდი გამოთქვა, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვული განიარაღების კუთხით ლიბიის მოდელს გაიზიარებდა.

ლიბიის მაშინდელმა ლიდერმა, მუამარ კადაფიმ 2003 წელს დასავლურ ძალებთან შეთანხმება დადო, რომლის მიხედვით, სანქციების გაუქმების სანაცვლოდ, ბირთვულ პროგრამას შეაჩერებდა. რვა წლის შემდეგ კადაფი დასავლური ძალების მიერ მხარდაჭერილმა მეამბოხეებმა მოკლეს.

ამავე ინტერვიუში მაიკ პენსმა აღნიშნა, რომ ამ დროისათვის ტრამპი სინგაპურში დაგეგმილი შეხვედრიდან გასვლას არ გეგმავს და ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.

„არ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი ტრამპი პიარზე ფიქრობდეს, მისი მიზანი მხოლოდ მშვიდობაა“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.