მაიკ პენსი ცენტრალური ამერიკის ქვეყნების ლიდერებს მოუწოდებს, მიგრაციის ნაკადი შეაჩერონ
მაიკ პენსი ცენტრალური ამერიკის ქვეყნების ლიდერებს მოუწოდებს, მიგრაციის ნაკადი შეაჩერონ

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამკაცრებული მიგრაციული პოლიტიკის ფონზე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ცენტრალური ამერიკის ქვეყნების ლიდერებს გვატემალაში შეხვდა. მაიკ პენსმა სამი სახელმწიფოს – გვატემალის, ჰონდურასისა და სალვადორის პრეზიდენტებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეაჩერონ მიგრანტთა გადინება მათი ქვეყნიდან.

„პატივი ეცით ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრებს. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, მაგრამ მიგრაციის ტალღა უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა პენსმა ცენტრალური ამერიკის ქვეყნების სამიტზე.

მაიკ პენსმა გვატემალის, ჰონდურასისა და სალვადორის მოსახლეობას სთხოვა, ნუ გარისკავენ საკუთარ და მათი შვილების სიცოცხლეს, რადგან გზა შტატების საზღვრამდე რთული გასავლელია.

„არ ღირს თქვენი და ბავშვების სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება ამად, დარჩით თქვენს ქვეყნებში და უკეთესი მომავლის შექმნაზე თქვენსავე ქვეყანაში იზრუნეთ. ასე უკეთესი იქნება“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2018 წელს საერთო ჯამში, ზემოთ ხსენებული სამი ქვეყნის 180 ათასამდე მოქალაქე შევიდა. მათი მიგრაციის მთავარი მიზეზი უკიდურესი სიღატაკე, უმუშევრობის მაღალი დონე, კრიმინალური ვითარება და ძალადობრივი გარემოა. ჰონდურასი ოჯახში ძალადობის და ფემიციდის კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.