მაიკ პენსი აცხადებს, რომ ჩინეთმა დამალა ეპიდემიის მასშტაბი, ხოლო აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კორონავირუსით ამერიკელი ხალხის ინფიცირების შესაძლებლობა დაბალ რისკად შეაფასა
მაიკ პენსი აცხადებს, რომ ჩინეთმა დამალა ეპიდემიის მასშტაბი, ხოლო აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კორონავირუსით ამერიკელი ხალხის ინფიცირების შესაძლებლობა დაბალ რისკად შეაფასა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი აცხადებს, რომ ჩინეთმა დამალა ეპიდემიის მასშტაბი, ხოლო აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კორონავირუსით ამერიკელი ხალხის ინფიცირების შესაძლებლობა დაბალ რისკად შეაფასა.

ტელეკომპანია „სიენენის“ეთერში წამყვანის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რატომ დააგვიანა აშშ-მა კორონავირუსის პანდემიის მასშტაბების აღქმა, პენსმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ იანვრის შუა რიცხვებში, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, დაბალ რისკად აფასებდა კორონავირუსით ამერიკელი ხალხის ინფიცირების შესაძლებლობას.

მაიკ პენსის თქმით, ინფიცირების პირველი შემთხვევაც 20 იანვარს იმ პირს დაუდგინდა, რომელიც ჩინეთში იმყოფებოდა.

„რეალობა ისაა, რომ ჩვენ შეგვეძლო, უკეთ გავმკლავებოდით, თუ ჩინეთი უფრო წინდახედული იქნებოდა. ეპიდემია რეალური იყო ჩინეთში, იმაზე ადრე, ვიდრე ამის შესახებ მსოფლიო დეკემბერში შეიტყობდა“,- განაცხადა პენსმა.

ის, რომ ჩინეთმა დამალა ეპიდემიის მასშტაბი და ვირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რეალური ოდენობა, ამის შესახებ აშშ-ის დაზვერვის მიერ მომზადებულ ანგარიშშიც არის საუბარი. გასაიდუმლოებული დოკუმენტი თეთრ სახლშია. „ბლუმბერგი“ სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩინეთის მიერ მსოფლიოსთვის მიწოდებული ცნობები „კოვიდ 19“-ით ინფიცირებულთა შესახებ არასრული და ყალბია.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ჩინეთის მიერ გავრცელებულ მონაცემებთან დაკავშირებით სკეპტიციზმი ჯერ კიდევ მაშინ არსებობდა, ვიდრე აზიის სახელმწიფო საკარანტინო მკაცრ ზომებს შემოიღებდა.

„ჩინეთის ხელისუფლება განუწყვეტლივ ცვლიდა ინფიცირების შემთხვევათა აღრიცხვის მეთოდოლოგიას. ყურადღება მიიქცია ჰუბეის დამკრძალავ ბიუროებთან გამოფენილმა ათასობით ურნამაც, სადაც კრემაციის შემდეგ ნეშტისგან დარჩენილ ფერფლს ათავსებენ. ამან მოქალაქეებში ეჭვები გააღვივა“,- წერს „ბლუმბერგი“.

დატოვე კომენტარი