მაიკ ჯონსონი - საშინლად გამანადგურებელია, ჩარლი ძალიან ბევრს მოენატრება, ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა ნათლად უნდა დაგმოს ეს ძალადობა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელობას ეხმაურება. მაიკ ჯონსონი აღნიშნავს, რომ კირკი მისი ახლო მეგობარი იყო.
„საშინლად გამანადგურებელია. ჩარლი ახლო მეგობარი და მესაიდუმლე იყო. ის ძალიან ბევრს მოენატრება. ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა ნათლად უნდა დაგმოს ეს ძალადობა. ჩვენ ვლოცულობთ მისი მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილებისთვის. მშვიდად განისვენოს“, – წერს მაიკ ჯონსონი სოციალურ ქსელში.
კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, კირკი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პოლიციას კონსერვატორი კომენტატორის მკვლელობაში ეჭვმიტანილი არ დაუკავებია.
კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო.