მაიკ ჯონსონი - კალიფორნიის გუბერნატორმა გამოავლინა უუნარობა ან თავი აარიდა საჭირო ზომების მიღებას, დონალდ ტრამპმა გააკეთა ის, რაც საჭირო იყო
დონალდ ტრამპმა გააკეთა სწორედ ის, რაც საჭირო იყო, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 000 წევრის განთავსებასთან დაკავშირებით.
„ეს სავსებით არ იწვევს ჩემს შეშფოთებას. ვფიქრობ, პრეზიდენტმა გააკეთა ზუსტად ის, რისი გაკეთებაც საჭირო იყო. ეს არის ფედერალური კანონები. ჩვენ უნდა დავიცვათ კანონის უზენაესობა, მაგრამ ეს ვერ ხდება. კალიფორნიის გუბერნატორმა გამოავლინა უუნარობა ან თავი აარიდა იმ ზომების მიღებას, რაც იქ იყო საჭირო. ამიტომ პრეზიდენტი ჩაერია. ეს არის ნამდვილი ლიდერობა და მას აქვს ამის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა ჯონსონმა.
ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის ორი ათასი წევრი უკვე მობილიზებულია. არეულობა საიმიგრაციო სამსახურის მიერ უსაბუთო მიგრანტების წინააღმდეგ რეიდების ჩატარებას მოჰყვა. შეტაკებები მოხდა ქალაქ ლოს ანჯელესში, ასევე მიმდებარე დასახლებებში – პარამაუნტსა და კომპტონში. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს. აქციის მონაწილეების დასაშლელად გამოიყენეს ცრემლსადენი აირი და რეზინის ხელკეტები. ბოლო ორი დღის განმავლობაში დაკავებულია 118 ადამიანი. ვრცელდება ცნობები დაშავებულების შესახებ. თავის მხრივ, კალიფორნიის გუბერნატორმა გააკრიტიკა ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკა.