მაიამიში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
მაიამიში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

მაიამი-დეიდის ოლქის უფროსის, დანიელა ლევინ კავას განცხადებით, სარფსაიდის რაიონში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. მისი თქმით, 159-მდეა გაზრდილი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიცხვიც, რომელთა შორის ლათინური ამერიკის ქვეყნების მოქალაქეებიც არიან.

ჯერჯერობით უცნობია ინციდენტის დროს რამდენი ადამიანი იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში.

მაშველებმა 12-სართულიანი შენობის ნანგრევებიდან 35 ადამიანის გამოყვანა შეძლეს, რომელთა უმეტესობას სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, ხოლო ორი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე ასობით მეხანძრე და მაშველი მუშაობს, რომლებიც ამწეების საშუალებით ცდილობენ მიმდებარე ტერიტორიის ნანგრევებისგან გათავისუფლებას. გარდა ამისა, ხორციელდება ნანგრევებში მოყოლილთა ძებნა ძაღლების საშუალებით.

სარფსაიდის მერის, ჩარლზ ბარკეტის განცხადებით, მიმდინარეობდა საცხოვრებელი კორპუსის სახურავის შეკეთების სამუშაოები, თუმცა ჯერ უცნობია, რა გახდა კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის მიზეზი.

მომხდარის გამო, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ფლორიდაში საგანგებო სიტუაციის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. საგანგებო სიტუაციების ფედერალურ სამსახურს კი ადგილობრივი სამაშველო სამსახურებისთვის დახმარების გაწევა დაევალა.