მაიამიში ხიდის ჩამონგრევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა
მაიამიში ხიდის ჩამონგრევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა

მაიამიში ხიდის ჩამონგრევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს.

ფლორიდას საერთაშორისო უნივერსიტეტთან ფეხით მოსიარულეთა ხიდი ადგილობრივი დროით 13:30 საათზე ჩაინგრა. ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.

ხიდი საავტომობილო გზის თავზე იყო აშენებული. ნანგრევებში 8 ავტომანქანა მოჰყვა. ხიდის მშენებლობა ჯერ დასრულებული არ იყო. 950-ტონიანი კონსტრუქცია მაიამიში რამდენიმე დღის წინ ააწყვეს. ხიდის ოფიციალური გახსნა 2019 წელს იგეგმებოდა. მისი აშენება აშშ-ის სატრანსპორტო დეპარტამენტს 14 მილიონი დოლარი დაუჯდა.

მომხდარს გამოეხმაურა თეთრი სახლიც. ადმინისტრაციის პრესსპიკერის სარა სანდერსის თქმით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინფორმირებულია და ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს დახმარებას უგზავნის.