მაიამიში ფეხით მოსიარულეთა ხიდი ჩაინგრა, არის მსხვერპლი [ვიდეო]
მაიამიში ფეხით მოსიარულეთა ხიდი ჩაინგრა, არის მსხვერპლი [ვიდეო]

მაიამიში, ფლორიდას საერთაშორისო უნივერსიტეტთან ფეხით მოსიარულეთა ხიდი ჩაინგრა, რასაც, ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, მსხვერპლი მოჰყვა.

„მაიამი ჰერალდის“ ცნობით, ჯერ დადგენილი არ არის იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი. ხიდი საავტომობილო გზის თავზე იყო აშენებული.

მაიამის საგანგებო სიტუაციების სამსახური ადგილობრივებს მოუწოდებს, შემთხვევის ადგილის სიახლოვეს გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

არ არის ცნობილი რამდენი ადამიანი დაშავდა ხიდის ჩანგრევის შედეგად, მაგრამ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტომასალებში ჩანს მანქანები, რომლებიც ჩამოშლილი კონსტრუქციის ქვეშ არიან მოყოლილი.

„მაიამი ჰერალდის“ ცნობით, ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელი ხიდის აშენებას ამ მონაკვეთზე ადგილობრივები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ, რადგან გზის ამ ნაწილში ტრანსპორტის მოძრაობა საკმაოდ დატვირთულია.

2017 წლის აგვისტოში ამ მონაკვეთში გზაზე გადასვლისას ავტომობილი სტუდენტს შეეჯახა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

950-ტონიანი კონსტრუქცია მაიამიში შაბათს ააწყვეს. ხიდის ოფიციალური გახსნა 2019 წელს იგეგმებოდა. მისი აშენება აშშ-ის სატრანსპორტო დეპარტამენტს 14 მილიონი დოლარი დაუჯდა.