მაიამიში ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სანაპიროებს დახურავენ
მაიამიში ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სანაპიროებს დახურავენ

ფლორიდის შტატში, მაიამიში 4 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებული რისკების შემცირების მიზნით, სანაპიროებს დახურავენ. ამის შესახებ ინფორმაციას „სიბიესი“ ავრცელებს.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ფლორიდაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

გამოცემის ცნობით, მაიამის სანაპიროები 3-დან 7 ივლისამდე იქნება დახურული.

როგორც მაიამის მერი, კარლოს ხიმენესი აცხადებს, სანაპიროების დახურვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან განახლებული მონაცემებით გაიზარდა ინფიცირების შემთხვევები ახალგაზრდებში და საავადმყოფოებში მოიმატა „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობამ.

4 ივლისის დღესასწაულთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ასევე აიკრძალება 50-ზე მეტი ადამიანის შეკრებაც. დაიხურება პარკებიც. შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეებს 500 დოლარამდე ჯარიმა ან 180 დღით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 45 300 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.