მაია ვაჩაძე - ჩინჩალაძე იყო პალატის უფროსი, მაგრამ არ იყო ჩემი საქმის უფროსი, ჩვენს საქმეში ვერავინ დამავალებს, რა უნდა გავაკეთო და რა - არა
მაია ვაჩაძე - ჩინჩალაძე იყო პალატის უფროსი, მაგრამ არ იყო ჩემი საქმის უფროსი, ჩვენს საქმეში ვერავინ დამავალებს, რა უნდა გავაკეთო და რა - არა

ჩინჩალაძე იყო პალატის უფროსი, მაგრამ არ იყო ჩემი საქმის უფროსი. ჩვენს საქმეში ვერავინ დამავალებს, რა უნდა გავაკეთო და რა – არა, – ასე უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასაუბრებაზე მოქმედმა მოსამართლემ, მაია ვაჩაძემ საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის შეკითხვას, რომელიც უზენაეს სასამართლოში მისი და მიხეილ ჩინჩალაძის ერთად მუშაობის  პერიოდსა და ჩინჩალაძის შესაძლო გავლენებს შეეხებოდა.

მაია ვაჩაძის თქმით, დაახლოებით 10 წლის განმავლობაში უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატას მიხეილ ჩინჩალაძე ხელმძღვანელობდა, თუმცა ვაჩაძის განმარტებით, ჩინჩალაძის გავლენის ქვეშ არ იყო და არც ახლა არის. მისი თქმით, „მოსამართლის უფროსი საკუთარი თავია“.

„ჩინჩალაძე იყო პალატის უფროსი, მაგრამ არ იყო ჩემი საქმის უფროსი. ჩვენს საქმეში ვერავინ დამავალებს, რა უნდა გავაკეთო და რა არა. ის, რომ მიხეილ ჩინჩალაძე არის პალატის თავმჯდომარე, არ ნიშნავს, რომ მე, როგორც მოსამართლე, ვარ მისი გავლენის ქვეშ. პოლემიკა მქონია ბატონ მიშასთანაც და ჩემს სხვა კოლეგებთან კონკრეტულ საქმეზე. რაც შეეხება პიროვნულ თვისებებს, ბატონი მიშას თვისებებიდან გამოვყოფდი ორს: ორგანიზატორული ნიჭი და თანადგომა“, – განაცხადა მაია ვაჩაძემ.

​კითხვაზე, არსებობს თუ არა სასამართლოში კლანი, მაია ვჩაძე პასუხობს, რომ „ზოგიერთ მოსამართლეს შეიძლება, გარკვეული ავტორიტეტი შედარებით უფრო მაღალი ჰქონდეს, ვიდრე სხვას“.

„კლანი, ალბათ, ისეთი გამოთქმაა, რომელიც დღევანდელ სიტუაციას სასამართლოში არ შეესაბამება. თუმცა ვთვლი, რომ ზოგიერთ მოსამართლეს შეიძლება, გარკვეული ავტორიტეტი შედარებით უფრო მაღალი ჰქონდეს, ვიდრე სხვას“, – განაცხადა მაია ვაჩაძემ.