მაია სანდუ - ჩვენი, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ვალია, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა
მაია სანდუ - ჩვენი, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ვალია, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა

ჩვენი, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ვალია, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, – აღნიშნულის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ერთი წლის წინ ვერც ერთი ჩვენგანი ვერ წარმოიდგენდა, რომ ევროპაში იქნებოდა მასშტაბური ომი. რუსეთის არაპროვოცირებულმა ომმა მეზობელი სუვერენული ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ შეარყია მთელი მსოფლიო ძირამდე. გამოცდის წინაშე დააყენა გაერო-ს ფუნდამენტური პრინციპები და შეარყია გლობალური უსაფრთხოება, ბიძგი მისცა ევროპის ენერგო კრიზისს, გლობალურად საკვების დეფიციტს და ეკონომიკურ დაღმასვლას. შვიდთვიანი დაბომბვების შედეგად დაიღუპა ათასობით უდანაშაულო ადამიანი მილიონობით უკრაინელმა დატოვა საკუთარი სახლები. ეს ომი არ არის მხოლოდ თავდასხმა ჩვენს მეგობარ და მეზობელ უკრაინაზე, ეს არის თავდასხმა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგზე. ეს არის თავდასხმა ბირთვულ უსაფრთხოებაზე. ეს არის თავდასხმა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებისთვის საკვების მიწოდებაზე.

ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ისივე როგორც ახლახანს გამოცხადებულ სამხედროების დამატებით მობილიზაციას რუსეთის მიერ. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მხარს ვუჭერთ მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ნება მიბოძეთ, ჩემი პატივისცემა გამოვხატო ყველა უკრაინელის მიმართ, მათი მამაცობისთვის, გამძლეობისთვის და გადარჩენისთვის, სამართლიანობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის. ჩვენი, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ვალია, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა”, – განაცხადა მაია სანდუმ.