მაია ომიაძე - შავი ზღვის წყალი სუფთა და დამსვენებლებისთვის უსაფრთხოა, ველოდებით კიდევ მეტ ვიზიტორს
მაია ომიაძე - შავი ზღვის წყალი სუფთა და დამსვენებლებისთვის უსაფრთხოა, ველოდებით კიდევ მეტ ვიზიტორს

შავი ზღვის წყალი სუფთაა და დამსვენებლებისთვის უსაფრთხო, ველოდებით კიდევ მეტ ვიზიტორს, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე აცხადებს.

მაია ომიაძის ინფორმაციით, საქართველოს საზღვაო კურორტებზე ზაფხულის ტურისტულ სეზონზე გაზრდილია დამსვენებელთა რაოდენობა.

„შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლი საერთაშორისო სტანდარტებს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, შესაბამისად, საქართველოში, შავ ზღვაში ბანაობა არის უსაფრთხო. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, შემომყვან ტურისტულ კომპანიებთან, ტუროპერატორებთან, ასევე მუდმივ საინფორმაციო კამპანიას ვაწარმოებთ და საზოგადოებას საქმის კურსში ვაყენებთ და ვატყობინებთ ახალი კვლევის შედეგებს. აღსანიშნავია, რომ ზღვის სანაპირო ტურისტებით არის სავსე, ზაფხულის სეზონი პიკს აღწევს და ველოდებით როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ მოგზაურებს. დაბინძურების ფაქტი არ დასტურდება ლაბორატორიული კვლევებით. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო 10 დღეში ერთხელ იღებს სინჯებს და დამსვენებლებს საფრთხე არ ემუქრებათ“, – განაცხადა მაია ომიაძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტომ 2023 წლის 6 და 10 ივლისს განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, შავი ზღვის წყლის სინჯებში განსაზღვრული 59 პარამეტრის მნიშვნელობები ნორმის ფარგლებშია. გარემოს ეროვნული სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგისთვის 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაზარდა, მანამდე არსებულებს ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე 3 წერტილი დაემატა.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.