მაია მელიქიძე - ენერგოეფექტურ შენობაში ჩადებულ ინვესტიციას ადამიანი სამ-ოთხ წელში ამოიღებს, შენობით კი 20 წელი ისარგებლებს
მაია მელიქიძე - ენერგოეფექტურ შენობაში ჩადებულ ინვესტიციას ადამიანი სამ-ოთხ წელში ამოიღებს, შენობით კი 20 წელი ისარგებლებს

ენერგოეფექტურ შენობაში ჩადებულ ინვესტიციას ადამიანი სამ-ოთხ წელში ამოიღებს, შენობით კი 20 წელი ისარგებლებს. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრმა, მაია მელიქიძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში საქართველოში ახლად შექმნილი ელექტროენერგიის თავისუფალი ბაზრის მნიშვნელობა და პერსპექტივები განიხილეს.

დისკუსიის დროს მელიქიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი ლიბერალიზების მიმართულებით მიდის, 2019 წლის ბოლოს კი უკვე შეიქმნა შესაბამისი კანონმდებლობა და ჩამოყალიბდა საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც ენერგორესურსების გადაცემას, მიწოდებას და განაწილების საკითხებს ისე დაარეგულირებს, რომ მოხმარებელს არჩევანი გაუფართოვდება. რაც შეეხება ენერგოეფექტიანობის საკითხს, ჯერჯერობით შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს და ტერმინიც კი დასაზუსტებელია.

„ამ ეტაპზე საკანონმდებლო ბაზა არ გვაქვს ენერგოეფექტიანობასთან დაკავშირებით, ტერმინიც კი დასაზუსტებელია. ვსაუბრობთ პარლამენტთან „ენერგოეფექტური“ უნდა იყოს თუ „ენერგოეფექტიანი“. პირდაპირ ვიტყვი, როგორც სემეკ-ის ერთი წევრი და ეკონომიკური განათლების მქონე ადამიანი, ვფიქრობ, რომ ენერგოეფექტიანი უფრო სწორია, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი. არის საუბარი იმაზე, რომ აქტიური კომუნიკაცია უნდა გვქონდეს მერიასთან, რადგან ახალი შენობების აშენების დროს ეს [ენერგოეფექტიანი სტანდარტების დაცვა] ბუნებრივია, თანხას გაზრდის. მაგრამ ჩვენი გათვლებით, ადამიანი ჩადებულ ინვესტიციას დაახლოებით სამ-ოთხ წელიწადში ამოიღებს და ენერგოეფექტიანობის გამძლეობა იქნება 20 წელი“, – განაცხადა მაია მელიქიძემ.

სემეკის წევრის განმარტებით, სემეკი მზად არის შენობების ენერგოეფექტიანობის შეფასება განახორციელოს.

„ჩვენი როლი დაზოგვის ნაწილში სხვადასხვა მექანიზმის ხელშეწყობა იქნება, განსაკუთრებით ტარიფებთან მიმართებით. ამ ეტაპზე ბუნებრივია, ტარიფებს სამომხმარებლო ნაწილში ვადგენთ, მაგრამ ენერგოეფექტიანობის თვალსაზრისით ჩვენ აუცილებლად უნდა ჩავერთოთ და ვთქვათ, რა სარგებელი შეიძლება, მოიტანოს ამ აშენებულმა კორპუსმა და ვიღაცამ ის უნდა შეამოწმოს. პირველ რიგში, ეს შეეხება კერძო სახლებს და მერე მრავალბინიან კორპუსებს. ამ თვალსაზრისით თანამშრომლობისთვის მზად ვართ“, – განუცხადა მაია მელიქიძემ „ბიზნესპარტნიორს“.