მაია მელიქიძე - 2021 წლიდან საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის სრული ლიბერალიზაცია განხორცილედება
მაია მელიქიძე - 2021 წლიდან საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის სრული ლიბერალიზაცია განხორცილედება

2020 წელი გარდამტეხი იქნება საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის გახსნის კუთხით, 2021 წლიდან კი ბაზრის სრული ლიბერალიზაცია განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრმა, მაია მელიქიძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში საქართველოში ახლად შექმნილი ელექტროენერგიის თავისუფალი ბაზრის მნიშვნელობა და პერსპექტივები განიხილეს. დისკუსიის დროს მელიქიძემ აღნიშნა, რომ ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზების ვალდებულება საქართველოს 2017 წლიდან აქვს, როდესაც ქვეყანა ევროპის ენერგოგაერთიანების წევრი გახდა. თავის მხრივ, აღნიშნულ ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანების ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან 2014 წელს დადებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ჰქონდა. 2019 წლის ბოლოს კი უკვე შეიქმნა შესაბამისი კანონმდებლობა და ჩამოყალიბდა საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც ენერგორესურსების გადაცემას, მიწოდებას და განაწილების საკითხებს ისე დაარეგულირებს, რომ მოხმარებელს არჩევანი გაუფართოვდება.

„2019 წელი სრულად დავუთმეთ ახალი კანონმდებლობის ჩამოყალიბებას. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობდით პარლამენტთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან. 2019 წლის მიწურულს ორი მნიშვნელოვანი კანონი მივიღეთ. ერთი არის სრულიად ახალი კანონი წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის მომარაგების შესახებ და მეორე განახლებადი ენერგიების შესახებ. ახლა ვმუშაობთ ენერგოეფექტიანობის კანონთან დაკავშირებით. ბაზრის სრული ლიბერალიზაცია ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ 2019 წლის დეკემბერში შეიქმნა საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა ანუ საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი. არსებობს ე.წ. [ენერგიის] გადაცემა, მიწოდება და განაწილება. თუ დღეს გინდათ, მაგალითად, ამ ოთახში ელექტროენერგია მიიღოთ, აუცილებელია, „თელასს“ მიმართოთ. ჩვენი მიზანია, რომ „თელასი“ ცალკე გამოვიდეს, მხოლოდ განაწილების ნაწილში დარჩეს და შეიქმნას სხვა დიდი კომპანია მიწოდების ნაწილში“, – განაცხადა მაია მელიქიძემ.

მისი განმარტებით, ენერგოკომპანიებს ფუნქციების გაყოფა მოუხდებათ.

„იქიდან გამომდინარე, რომ 2020 გარდამავალი წელი იქნება, 2021 წლიდან სრული ლიბერალზიაცია იქნება. თემა ის არის, რომ ფუნქციების გაყოფა უნდა მოხდეს. კომპანიები, რომლებიც ორივე ფუნქციას ახორციელებდნენ, როგორიც არის გადაცემა-განაწილება, ახლა ამ კომპანიების სრულად გაყოფა უნდა მოხდეს. ანუ „თელასისგან“ უნდა შეიქმნას ორი ახალი კომპანია. ერთი განახორციელებს განაწილებას და მეორე – მიწოდებას. ამიტომ კომპანიებისთვის ეს გახლეჩვა გარკვეული გამოწვევაა, თუმცა ეს შექმნის სამუშაო ადგილებს და ბაზარზე მეტ მიმწოდებელს გააჩენს. თბილისში მარტო „თელასის“ არჩევა კი არ შეგეძლება, არამედ ნებისმიერის“, – განაცხადა მაია მელიქიძემ.

სემეკ-ის წევრის თქმით, ბაზრის ლიბერალიზაციის შედეგად უკვე გაზრდილია მოთხოვნა მცირე, 13-მეგავატიანი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების [ჰესების] მშენებლობაზე, რომელსაც სემეკი არ არეგულირებს.

„დერეგულირებული ჰესი იმას ნიშნავს, რომ შეუძლია, პირდაპირ მომწოდებელთან დადოს ხელშეკრულება. მაგალითად, შარშან მაისის თვეში რამდენიმე მსხვილი მომხმარებელი პირდაპირ თავისუფალ ბაზარზე გავუშვით, რაც ნიშნავს, რომ გენერაციის წყარო თავად უნდა ეპოვათ და მასთან პირდაპირ დაედოთ ხელშეკრულება, რაც მოახერხეს კიდეც“, – განაცხადა მაია მელიქიძემ.

სემეკ-ის წევრმა აღნიშნა, რომ ელექტროენერგია საქართველოში უკვე დეფიციტური პროდუქტია, რის გამოც მისი იმპორტი და შესაბამისად, ღირებულებაც იზრდება. ამიტომ ხარჯების შემცირების მიზნით, აუცილებელია, რომ მომხმარებელმა დაზოგვა ისწავლოს და პარალელურად ეცადოს, საკუთარი მცირე გენერაციის ობიექტი შექმნას, რისი საშუალებითაც ჭარბ ელექტროენერგიას თავისუფალ ბაზარზე გაყიდის. ამ შესაძლებლობას ახალი ენერგობაზრის რეალობა იძლევა.

„დღეს შესაძლებელია, რომ ბათუმში მზის პანელებით ენერგია აწარმოონ და ბორჯომში მოიხმარონ. აქამდე აუცილებლად ერთი და იგივე ადგილზე უნდა მომხდარიყო წარმოებაც და გამოყენებაც. ანუ თუ ფიზიკური პირი ბათუმში ენერგიას აწარმოებს და არ მოიხმარს, შეუძლია, ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე მოიხმაროს. ეს განსხვავება შარშან განვახორციელეთ. არსებობს ე.წ. რევერსული მრიცხველები, როდესაც ჩვენ ელექტროენერგიას ჩვენთვის ვაწარმოებთ და მოვიხმართ სხვა მიმართულებით ტრიალებს და თუ არ მოვიხმართ ენერგიას და ის საერთო ქსელში გადის, ეს ნიშნავს, რომ ამას გამანაწილებელი კომპანია ყიდულობს. შესაბამისად, ყოველი წლის პირველ მაისს დგება ვალდებულება, რომ თუ ვთქვათ ზედმეტი გენერაცია მოხდა და როგორც ბოლო პერიოდის სტატისტიკა აჩვენებს, ძირითადად, ასე ხდება ხოლმე, კომპანია ვალდებულია, ფიზიკურ პირს თანხა გადაუხადოს. კომპანიების დიდად მოხარული არ იყვნენ ამის გამო, მაგრამ სხვა რა გამოსავალი აქვთ, ეს სემეკ-ის გადაწყვეტილებაა“, – განმარტა მაია მელიქიძემ.

მისი თქმით, აღნიშნული დერეგულირება ჯერჯერობით მხოლოდ ელექტროენერგიის სექტორს შეეხება და როდესაც სისტემა აეწყობა, ცვლილებები ბუნებრივი აირის სფეროზეც გავრცელდება. აღნიშნულ რეფორმის შედეგად, სემეკი სამომხმარებლო ტარიფის კლებას ელოდება.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ ბევრი საინტერესო მიღწევა გვექნება, რადგან არაერთი განვითარებული ქვეყანა დიდი წარმატებით ამბობს, რომ ტარიფები ჩამოვიდა პრინციპში ნულამდე სწორედ იმის დამსახურებით, რომ საკუთარი გენერაციის ხელშეწყობა მოხდა“, – განუცხადა მაია მელიქიძემ „ბიზნესპარტნიორს“.