მაია კობახიძე - მივესალმები განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას ხელფასების ზრდასა და ღვაწლმოსილი პედაგოგების ამგვარი დაფასებისთვის
მაია კობახიძე - მივესალმები განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას ხელფასების ზრდასა და ღვაწლმოსილი პედაგოგების ამგვარი დაფასებისთვის

აქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელი მაია კობახიძე განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებს დადებითად აფასებს.

„მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ღვაწლმოსილი პედაგოგების ამგვარი დაფასებისათვის. ჩვენთვის მისაღებია მიმდინარე რეფორმის პრინციპები. პენსიაზე გასვლის შემთხვევაში, მასწავლებლისთვის განკუთვნილი დაზღვევის პაკეტის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს დაზღვევა პედაგოგებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.

ვფიქრობ, აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს პენსიონერი პედაგოგებისადმი მიღებული გადაწყვეტილებები. იქნება განსხვავებული შეფასებები იმ კუთხით, რომ სახელმწიფო უფრო მეტად ზრუნავს პენსიონერ მასწავლებლებზე, ვიდრე სხვა სფეროში დასაქმებულ პენსიონერებზე, მაგრამ ყველას შევახსენებ, რომ ათეულობით წლების განმავლობაში საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასზე პედაგოგთა ხელფასი ორჯერ ნაკლები იყო“, – განაცხადა მაია კობახიძემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება. მისივე თქმით, სახელფასო ზრდა ასევე შეეხებათ რესურსცენტრების, სკოლების დირექტორებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს.

ამასთან, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების სამინისტრო საპენსიო ასაკის პედაგოგებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. კერძოდ, საპენსიო ასაკის პედაგოგებს, სურვილის შემთხვევაში, მიეცემათ შესაძლებლობა, მიიღონ ორი წლის ჯამური ხელფასი და შეუნარჩუნდეთ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.