მაია ცქიტიშვილმა ლანჩხუთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
მაია ცქიტიშვილმა ლანჩხუთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ ნინო წილოსანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.

მაია ცქიტიშვილმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და ბავშვთა საფეხბურთო აკადემიაში მიმდინარე სამუშაოებსაც გაეცნო.

მინისტრი სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და მშობლებს გაესაუბრა და მათ მხარდაჭერა აღუთქვა.

„რეგიონებში აქტიურად გვაქვს შეხვედრები როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებთან, ასევე მოსახლეობასთან. ადგილზეც ვათვალიერებთ პროექტებს. ახლა ვიმყოფებით სპორტული აკადემიის ტერიტორიაზე. აკადემიისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ახორციელებს რეგიონული განვითარების ფონდი, თუმცა აქვე არის საჭირო საფეხბურთო მოედნის მოწყობა, რაშიც ფეხბურთის ფედერაცია მუნიციპალიტეტს ეხმარება. გავეცანით ყველაფერს და თბილისში პროექტს დეტალურად დავამუშავებთ“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა.