მაია ცქიტიშვილმა ხელისუფლების მიერ მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერისთვის შეთავაზებულ ღონისძიებებზე ისაუბრა
მაია ცქიტიშვილმა ხელისუფლების მიერ მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერისთვის შეთავაზებულ ღონისძიებებზე ისაუბრა

ხელისუფლების მიერ დაწესებული შეღავათით უკვე 38 ათასმა ავტოიმპორტიორმა ისარგებლა, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან შეთავაზებულ ინიციატივებსა და ღონისძიებებზე, წარდგენილ 1 მილიარდ 200 მილიონი ლარის ღირებულების ჯამური პაკეტის შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ეს ითვალისწინებდა, როგორც მოქალაქეების მხარდაჭერას, ასევე ბიზნესზე ორიენტირებულ ზომებს.

„ეს იყო მოქალაქეების ნაწილში საბანკო სესხების, ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში არსებული სესხების სამი თვით გადავადება. ასევე, გარკვეული პაკეტი იყო შეთავაზებული ტურისტული ბიზნესის მთელი კომპლექსისთვის, დაახლოებით 18 ათას კომპანიას შეეძლო, ესარგებლა ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის გადავადებით ოთხი თვის განმავლობაში; მცირე, 50 ადგილზე ნაკლები ზომის სასტუმროებისთვის შევთავაზეთ სესხის სუბსიდირება ექვსი თვის განმავლობაში, პროცენტის თანადაფინანსება და ასევე, განბაჟების გადასახადის გადავადება ავტოიმპორტიორებისთვის და 38 ათასმა იმპორტიორმა უკვე ისარგებლა ამ შეღავათებით“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ასევე 1 მილიარდ 200 მილიონი ლარის პაკეტის ფარგლებში, ძალიან მნიშვნელოვანი შეთავაზება იყო დღგ-ს, დამატებითი ღირებულების გადასახადის უფრო სწრაფი დაბრუნება.

„ამ მიმართულებით, ჩვენ 600 მილიონი ლარის დამატებით ბიზნესისთვის დაბრუნებას ვთავაზობდით, რათა ბიზნესისთვის მიგვეცა საშუალება, ჰქონოდათ მეტი თანხა, მეტი შემოსავალი, რომ ყველა ამ ზომის შედეგად, შეენარჩუნებინათ სამუშაო ადგილები, თავიანთი ბიზნესი. თუმცა, როდესაც ჩვენი გუნდის მიერ ეს პაკეტი იყო შეთავაზებული, მაშინვე განვაცხადეთ, რომ ვაგრძელებდით მუშაობას დამატებით საკომპენსაციო ზომებზე, ისევე, როგორც ვაგრძელებდით მუშაობას დამატებით პაკეტზე, რომელსაც ბიზნესს შევთავაზებდით“ –  განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.