მაია ცქიტიშვილმა და ლევან დავითაშვილმა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის განვითარების გეგმები განიხილეს
მაია ცქიტიშვილმა და ლევან დავითაშვილმა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის განვითარების გეგმები განიხილეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ის ტერიტორიები დაათვალიერეს, სადაც დაცულ ტერიტორიებზე, მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მთავრობის წევრებმა კონკრეტულ გეგმებზე იმსჯელეს.

წალკის მუნიციპალიტეტში მინისტრებმა დაშბაშის კანიონი მოინახულეს. კანიონი ბუნების ძეგლს წარმოადგენს. კანიონის ტერიტორიაზე არსებული ჩანჩქერები განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის დამახასიათებელი მიკროკლიმატით, თავისებური ფაუნით. კანიონი უახლოეს მომავალში უამრავი ვიზიტორებისთვის საინტერესო ობიექტი იქნება. რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მინისტრებმა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა მომსახურების ცენტრიც მოინახულეს.

მაია ცქიტიშვილმა და ლევან დავითაშვილმა, ადგილობრივებთან ერთად, ფარავნისა და საღამოს ტბისთვის დამახასიათებელი იხტიოფაუნის სახეობების აღდგენის და სპორტულ-სამოყვარულო მეთევზეობისა და ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

„ინფრასტრუქტურის მოწყობით, ჩვენ შევძლებთ, დამატებითი შემოსავლები გავუჩინოთ ადგილობრივ მოსახლეობას, ვიზიტორებისა და ტურისტებისთვის დაცული ტერიტორიები გავხადოთ უფრო მიმზიდველი და საინტერესო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დაცვის მინისტრთან ერთად, დავათვალიერეთ სხვადასხვა ობიექტი. უწყებების თანამშრომლობით შევძლებთ, ხელი შევუწყოთ რეგიონულ განვითარებას, შევქმნათ შემოსავლის მიღების ახალი წყაროები“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება, რაც არსებულ დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის მოწყობას უკავშირდება.

„მნიშვნელოვანია საღამოს ტბის და ფარავნის ტბის პოტენციალის შესწავლა და განხილვა, თუ რამდენად შესაძლებელია, ისინი ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს დაემატოს. ეს იქნება ერთ-ერთი მიმართულება სოფლის განვითარების კუთხით. მეორე მხრივ, პროექტები, რომლებიც მეცხოველეობის განვითარებას, მევენახეობას და იმ მიმართულებებს უკავშირდება, რომლის პოტენციალიც კონკრეტულ რეგიონში არსებობს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მთავრობის წევრებმა ფოკის დედათა მონასტერს, აღნიშნული კლიმატის გათვალისწინებით, ყინვაგამძლე სახეობის ნერგები, კერძოდ, არყის ხე, ევროპული ნაძვი და ჩრდილოური ფიჭვი გადასცეს.