მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, რელიგიურ დღესასწაულებზე მსახურებას დაესწრონ
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, რელიგიურ დღესასწაულებზე მსახურებას დაესწრონ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს უფლება ექნებათ, თავიანთ რელიგიურ დღესასწაულებზე მსახურებას შეზღუდვების გარეშე დაესწრონ.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყველა კონფესიის წარმომადგენელი რელიგიურ დღესასწაულებზე მსახურებაზე დასწრებას ერთჯერადი საშვის საშუალებით შეძლებს.

„კათოლიკური შობის ფარგლებში, 144-ზე დარეკვის საშუალებით და პირველ რიგში, ჩვენ ვთხოვთ კონფესიებსაც, რომ მიაწოდონ თავისივე მრევლის სია ჩვენს სამსახურებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ერთჯერად საშვს ამ ადამიანებისთვის, რათა მათ თავიანთ რელიგიურ მსახურებაში მიიღონ მონაწილეობა. ეს იყო შეზღუდვების პირველი ტალღის დროსაც. არაფერი უჩვეულო აქ არ არის. გახსოვთ, რომ ჩვენ მაშინ გვქონდა აღდგომა, რომელიც ასევე არ ემთხვევა როგორც კათოლიკურ რელიგიაში, ასევე გრიგორიანული კალენდრის მიხედვით. შესაბამისად, იგივე პრაქტიკა იქნება ამჯერადაც გამოყენებული. არავითარი პრობლემა არ ჰქონიათ არც მაშინ და გარწმუნებთ, რომ არც ამ ეტაპზე არ ექნებათ.

კათოლიკურ შობას დასვენების დღე არ გვაქვს. მთელი საქართველო არ აღნიშნავს კათოლიკურ შობას და შესაბამისად, ამიტომაც არ გვაქვს დასვენების დღეები და ამიტომ ნუ შევქმნით სპეკულაციას და პრობლემას იქ, სადაც არ არსებობს. არაერთხელ ვთქვით, რომ ჩვენ ჩვენი თანამოქალაქეების ყველა უფლებას ვიცავთ, მათ თავისუფალი რელიგიური აღმსარებლობის უფლება აქვთ. კათოლიკურ შობას თუ გრიგორიანულ შობას მათ ექნებათ საშუალება, მივიდნენ ეკლესიაში შეზღუდვების გარეშე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.