მაია ცქიტიშვილი - წელს დამატებით 430 000 ადამიანი ისარგებლებს 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით
მაია ცქიტიშვილი - წელს დამატებით 430 000 ადამიანი ისარგებლებს 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით

საქართველოში ძალიან ბევრ ადგილას მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აქვს წვდომა ხარისხიან სასმელ წყალზე ან არ აქვს უზრუნველყოფილი 24-საათიანი წყალმომარაგება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომელმაც 2019 წელს დაგეგმილ და დასასრულებელ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

ვიცე-პრემიერის თქმით, შესაბამისად, ერთი-ერთი პრიორიტეტი წელს საქართველოს რეგიონებში სწორედ წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგებაა, რის გამოც ამ მიმართულებით წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტი 30 პროცენტით გაიზარდა.

ვიცე-პრემიერმა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები დაასახელა, რომელთა დასრულებაც 2019 წელს იგეგმება, მათ შორისაა: ანაკლიაში, მესტიაში, წყალტუბოსა და ურეკში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის სამშენებელო სამუშაოები, ასევე ქუთაისის, ჯვარის, ჭიათურის, ურეკისა და გარდაბნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია.

მინისტრის ინფორმაციით, 2019 წელს წყალმომარაგების სამუშაოებზე  „მუნიციპალური განვითარების ფონდის“, „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და „გაერთიანებული წყალმომარაგების  კომპანიისთვის“ გამოყოფილი 282 მილიონი ლარით 85 პროექტი განხორციელდება.  ყველა აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად,  დამატებით 430 000 ადამიანი ისარგებლებს 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებითა და თანამედროვე, გამართული საკანალიზაციო სისტემით.

,,აღსანიშნავია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელს ათეულობით წლის განმავლობაში წყალი ოთხ დღეში ერთხელ,  რამდენიმე საათით მიეწოდებოდა. პროექტის მეორე ფაზის დასრულების შემდეგ კი, ისინი 24-საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე განმარტებით, 2019 წელი დატვირთული იქნება წყლის პროექტებით: იწყება მარნეულის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ 20 000-ზე მეტ ადამიანს პირველად მოემსახურება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურა; ასევე, გუდაურში იწყება წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა; წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები  ქუთაისში, ჭიათურასა და ვალეშიც განხორციელდება.

ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა გურიისა და თელავის წყალმომარაგების პროექტები.

„წელს იწყება გურიის სოფლების, ბახვი-ვაკიჯვრის და ცხემლისხიდის  წყალმომარაგებით უზრუნველყოფის სამუშაოები. პროექტს 9 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება და 3000-ზე მეტ ადამიანს მოუგვარდება წყალმომარაგების პრობლემა. ისინი სტაბილური სასმელი წყლის მიწოდებით იქნებიან უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მაია ცქიტიშვილმა პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება და ამ მხრივ თელავი გამოყო, რომელსაც რამდენიმე წელია სასმელი წყალი 5-6 საათიანი გრაფიკით მიეწოდება.  ნაწილობრივ ამორტიზირებულია შიდა გამანაწილებელი ქსელიც.  მინისტრის თქმით, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად  წელს თელავის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დაიწყება.  აშენდება ექვსი ახალი  და რეაბილიტირდება ხუთი არსებული ჭაბურღილი, მოეწყობა მაგისტრალური მილსადენი და გამანაწილებელი ქსელი.  ასევე, დაგეგმილია ახალი რეზერვუარების მშენებლობაც. შედეგად, თელავის წყალმომარაგება 24-საათიანი გახდება.