მაია ცქიტიშვილი - წელს დაგეგმილი გვაქვს 70-კილომეტრიანი ახალი მაგისტრალური გზის გახსნა, რაც მნიშვნელოვან პროგრესზე მიუთითებს
მაია ცქიტიშვილი - წელს დაგეგმილი გვაქვს 70-კილომეტრიანი ახალი მაგისტრალური გზის გახსნა, რაც მნიშვნელოვან პროგრესზე მიუთითებს

ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებით ორი ზოლის მოწყობა დავიწყეთ გასულ წელს, ეს არის პროექტი, რომელიც მთლიანად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ქართული კომპანიებისთვის ხელშეწყობის მიზნით ეს მონაკვეთი ოთხ ლოტად დაიყო, რამაც ადგილობრივ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის საშუალება მისცა და ოთხიდან სამ ლოტში გაიმარჯვა ქართულმა კომპანიამ, ერთ ლოტზე კი ასევე ქართული ქვეკონტრაქტორის მეშვეობოთ აზერბაიჯანულმა კომპანიამ იმუშავა. საკონტრაქტო ვადა არის წლის ბოლოს, მაგრამ სასიხარულოა, რომ ეს მონაკვეთი დამთავრდა დროზე ადრე, – აღნიშნა დღეს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 19 კმ-იანი მონაკვეთის გახსნისას.

მისივე თქმით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ამ მონაკვეთის გახსნით, რეალურად 30 კილომეტრიანი ორმხრივი მოძრაობის შესაძლებლობა გაჩნდა, რაც ბევრად უფრო უსაფრთხოს გახდის გადაადგილებას.

„მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის მონაკვეთს ერთი საათის ნაცვლად გავივლით 20-25 წუთში. ასევე, წელს ზაფხულში ვამთავრებთ ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ერთ-ერთ მონაკვეთს, რაც ხაშურის შემოვლითი გზით სარგებლობის საშუალებას მოგვცემს და ასევე, ძალიან მალე, შევძლებთ ჯაპანა-ლანჩხუთის გზის გახსნას, რაც სამტრედია-გრიგოლეთის დიდი მონაკვეთის ნაწილია. ჯამში, წელს დაგეგმილი გვაქვს 70 კმ ახალი მაგისტრალური გზის გახსნა, რაც მნიშვნელოვან პროგრესზე მიუთითებს“, – თქვა მაია ცქიტიშვილმა.

ქუთაისის შემოვლითი გზის დარჩენილი 22.3 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც გზა სრულად გახდება ოთხზოლიანი და ორივე მიმართულებით ცალმხრივი.

ქუთაისის შემოვლითი გზა 2014 წლის ნოემბერში გაიხსნა და ხშირი საგზაო შემთხვევების გამო, მალევე გაცალმხრივდა ისე, რომ ავტომანქანების ერთი მიმართულებით მოძრაობა კვლავ ქალაქის (ქუთაისის) გავლით ხდებოდა. გზის ოთხზოლიანად გაფართოების პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას და შესაძლებელს გახდის ამ გზით სარგებლობას ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით.

მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად საქართველოს მთავრობამ გზის ახალი ორი ზოლის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსა, რასაც 200 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა. შემოვლითი გზა განტვირთავს ქუთაისს დასავლეთის მიმართულებით მიმავალი ავტომანქანების ნაკადისგან და შეამცირებს მგზავრობის დროს. ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებითი ორი ზოლის მშენებლობას ოთხი მონაკვეთიდან სამ მონაკვეთზე ქართული კომპანია „ბლექ სი გრუპი“ ასრულებს, ხოლო გზის 19 კმ-იანი მონაკვეთის სამუშაოები აზერბაიჯანულმა კომპანია „აკორდმა“ დაასრულა. მნიშვნელოვანია, რომ ქართული კომპანია ჩქაროსნული გზის მშენებლობას დამოუკიდებლად (არაქვეკონტარქტორის სახით) პირველად ახორციელებს.

დატოვე კომენტარი