მაია ცქიტიშვილი - ვერ იქნება მისაღები ინვესტორი, რომელიც შეუთავსებელია ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებთან, ანაკლიის პროექტში დასავლელი პარტნიორი პრიორიტეტულია
მაია ცქიტიშვილი - ვერ იქნება მისაღები ინვესტორი, რომელიც შეუთავსებელია ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებთან, ანაკლიის პროექტში დასავლელი პარტნიორი პრიორიტეტულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გარდა, სხვა ინვესტორთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობდა.

მისივე თქმით, ახალი პარტნიორის მოძიებას მხოლოდ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის პროცედურების შემდეგ დაიწყებენ.

„ჩვენ დღემდე არ გვქონია არანაირი მოლაპარაკება სხვა ინვესტორთან, გარდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“. სხვა ალტერნატიული ინვესტორების მოძიება მთავრობის მხრიდან არ მიმდინარეობდა იქამდე, სანამ ძალაში გვქონდა არსებული ხელშეკრულება. მხოლოდ ხელშეკრულების გაწყვეტის პროცედურების შემდეგ დავიწყებთ ახალი პარტნიორის მოძიების პროცესს. ამას დასჭირდება გარკვეული დრო, თუმცა არ იქნება ძალიან დიდხანს. მოგეხსენებათ, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადებული იყო 2014 წელს, მას შემდეგ გავიდა ხუთი წელი და ბევრი ცვლილება განხორციელდა საინვესტიციო ხელშეკრულებაში, ასევე ის დათმობები, რაზეც სახელმწიფო წავიდა ამ პროცესში, ის ცვლილება, რომელიც ბანკებთანაა შეთანხმებული – რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გათვალისწინება უნდა მოხდეს. საჭიროა საინვესტიციო პაკეტი ხელახლა მომზადდეს, რასაც ალბათ რამდენიმე თვე დასჭირდება. მოვამზადებთ წინადადებას, გამოვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრი ამბობს, რომ ანაკლიის პორტის პროექტში დასავლელი პარტნიორის ყოლა პრიორიტეტულია.

„რაც შეეხება პარტნიორს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყოველთვის იყო საინტერესო და ძალიან მიმზიდველი უშუალოდ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმშიც“, და გამარჯვებულად გამოვლენის მნიშვნელოვანი ფაქტორი მათ შორის იყო ამ კონსორციუმში ამერიკული კომპანიის წილის ფლობა. პრიორიტეტულია ამ პროექტს დასავლელი პარტნიორი ჰყავდეს. სასურველია, ამასთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ინვესტორის არსებობა, რომელიც ამ პროექტის არა მხოლოდ ეკონომიკურ წარმატებას, არამედ მისი უსაფრთხოების კომპონენტის სრულად გამოყენებას განსაზღვრავს. ამდენად, ჩვენთვის უპირველესად არის და იქნებოდა სასურველი ამერიკელი და დასავლელი ინვესტორი. ჩვენთვის, ბუნებრივია, ვერ იქნება მისაღები ისეთი ინვესტორი, რომელიც შეიძლება იყოს შეუთავსებელი ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებთან, როდესაც ვსაუბრობთ არა მხოლოდ სტრატეგიულ ობიექტზე, არამედ ობიექტზე, რომელიც განთავსებულია შავ ზღვაზე და უსაფრთხოების კომპონენტებით ხასიათდება. გამოვრიცხავთ ისეთ ინვესტორს, რომელიც შეუთავსებელი იქნება ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებთან, რადგან პორტს აქვს არა მხოლოდ ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების განზომილებაც“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს.

დატოვე კომენტარი