მაია ცქიტიშვილი - უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგება ჩვენი მთავარი გამოწვევა და პრიორიტეტია
მაია ცქიტიშვილი - უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგება ჩვენი მთავარი გამოწვევა და პრიორიტეტია

უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება ჩვენს მთავარ გამოწვევად და შესაბამისად, უპირველეს პრიორიტეტად რჩება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა სამინისტროს მიერ 2018 წელს განხორციელებული და 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების  პრეზენტაციაზე განაცხადა.

ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ გასული წელი მნიშვნელოვანი იყო  წყალმომარაგების სფეროში, ვინაიდან  პირველად დაიწყო წყლის ინფრასტრუქტურის სრული ინვენტარიზაცია და შესწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისი საჭიროებების გამოვლენის მიზნით.  მისი თქმით, პროცესი 2019 წელს დასრულდება და მნიშვნელოვნად გაამარტივებს წყალმომარაგების პოლიტიკის, მათ შორის სატარიფო პოლიტიკის დაგეგმარებისა და პრიორიტეტების დასახვის პროცესს.

როგორც ვიცე-პრემიერმა  2018 წელს განხორციელებული სამუშაოების შეჯამებისას განაცხადა, გასულ წელს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების სარეაბილიტაციო, სამშენებლო და გამრიცხველიანების სამუშაოებისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ 153 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდა სხვადასხვა რეგიონში, რის შედეგადაც გაუმჯობესებული ხარისხის წყლით  უზურნველყოფილი იქნა 50 000 ბენეფიციარი, მათ შორის ისეთ რეგიონებში, როგორიცაა სტეფანწმინდა, სადაც წლების განმავლობაში პრობლემური იყო წყალმომარაგება და ახალციხეში დევნილთა დასახლება, სადაც საუბნო ონკანებით სარგებლობდნენ.

,,2018 წელს მასშტაბური პროექტები განახორციელა წყლის ინფრასტრუქტურის მიმართულებით მუნიციპალური განვითარების ფონდმაც. დასრულდა 77 მილიონი ლარის ღირებულების წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები, რის შედეგადაც დამატებით 100 000-მდე მოსახლეს გაუუმჯობესდა წყალმომარაგების ხარისხი და მიწოდების გრაფიკი“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა ანგარიშის წარდგენისას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.