მაია ცქიტიშვილი - უშუალოდ საგანგებო ვითარების პროცესშიც კი გვქონდა გამოცხადებული ტენდერები, ახლაც გვაქვს მიმდინარე ტენდერები და არის ძალიან მაღალი კონკურენცია
მაია ცქიტიშვილი - უშუალოდ საგანგებო ვითარების პროცესშიც კი გვქონდა გამოცხადებული ტენდერები, ახლაც გვაქვს მიმდინარე ტენდერები და არის ძალიან მაღალი კონკურენცია

ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ტენდერები უშუალოდ საგანგებო ვითარების პროცესშიც იყო გამოცხადებული, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“ განაცხადა.

გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, ლევან კალანდაძემ მინისტრს ჰკითხა, პანდემიის პირობებში აქვს თუ არა ინფრასტრუქტურის უწყებას რამე სახის ჩამორჩენა შესყიდვებთან დაკავშირებით.

მაია ცქიტიშვილს განმარტებით, გარკვეული ჩამორჩენა ამ მხრივ არის, რადგან 33 სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტის გარდა, სამინისტროს სხვა პროექტების შეჩერება მოუწია.

„ჩამორჩენა, ბუნებრივია, იმის გათვალისწინებით, რომ 33 პროექტის გარდა, სხვა პროექტების გაჩერება მოგვიწია, რა თქმა უნდა, გვაქვს თავდაპირველ დადგენილ გეგმებთან შედარებით. ბუნებრივია, მოგვიწია გეგმების გადახედვა. რა თქმა უნდა, ტენდერებმა გადაიწია, როდესაც გვქონდა თავდაპირველი ბიუჯეტი დამტკიცებული 2 მილიარდ ლარზე მეტი, დღეს გვაქვს სამწუხაროდ 1 მილიარდ 800 მილიონიანი ბიუჯეტი. ეს არის „კოვიდის“ შედეგი, თუნდაც ორ-სამ თვიანი შეჩერების, რომელიც გვქონდა. თუმცა, ტენდერებთან დაკავშირებით მინდა, აღვნიშნო, რომ უშუალოდ საგანგებო ვითარების პროცესშიც კი, გვქონდა გამოცხადებული ტენდერები. უშუალოდ მაშინაც გვქონდა არაერთი შეხვედრა კონტრაქტორ კომპანიებთან. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი იყო, მათთვის შეგვექმნა კომფორტი, რომელიც უზრუნველყოფდა პირველ რიგში სახელმწიფოს მზაობას იმისა, რომ ჩვენ არ გავაჩერებდით  ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას პოსტკოვიდ პერიოდშიც, უშუალოდ „კოვიდის“ დროსაც. ეს იყო ჩვენი ყოველდღიური კომუნიკაცია ყველა კონტრაქტორ კომპანიასთან, რათა განგვეხილა ყველა პრობლემა, რომელიც ჰქონდათ, ძალიან ბევრი მუშა აღმოჩნდა მაგალითად მარნეულში, როდესაც სხვაგან ჯერ კიდევ მუშაობდნენ, მაგრამ მარნეულში უკვე უნდა შეჩერებულიყო, ეს იყო ყოველდღიური რეჟიმი საშვების, გასვლების და ა.შ. ტენდერები იმ პროცესშიც მიმდინარეობდა, მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო ვითარება იყო“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, საკმაოდ მაღალი იყო ნდობა სახელმწიფოს მიმართ, რომ ეს არის სტრატეგიული ინტერესი, საგანგებო ვითარების დროსაც  იყვნენ კომპანიები, რომლებიც საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდნენ ტენდერებში.

„გარდა ამისა, უკვე შემდგომში, როდესაც ყველაფერი აღდგა, ახლაც გვაქვს მიმდინარე ტენდერები, არის ძალიან მაღალი კონკურენცია. დაახლოებით აპრილის დასაწყისში, მაშინ, როდესაც ვალუტის კურსი ცვალებადობა იყო, მაშინვე სექტორთან კონსულტაციის შედეგად, რა თქმა უნდა, დავინახეთ, რომ ეს ყველაზე მაღალი არაპროგნოზირებულობის რისკი მათ შორის იყო იმ მოსაპირკეთებელი ან სამშენებლო მასალების ღირებულებაში და აქაც სახელმწიფომ ამ ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანიებს დაუზღვია  შესაძლო ფასთა ცვლილება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დატოვე კომენტარი