მაია ცქიტიშვილი - უნდა ვიცოდეთ, რომ შესაძლოა, აღმოვჩნდეთ ძალიან ბევრი ზეთით, მაკარონით ან შაქრით ხელში, რომელზეც რამდენიმე დღის შემდეგ მივხდებით, რომ არ გვჭირდებოდა
მაია ცქიტიშვილი - უნდა ვიცოდეთ, რომ შესაძლოა, აღმოვჩნდეთ ძალიან ბევრი ზეთით, მაკარონით ან შაქრით ხელში, რომელზეც რამდენიმე დღის შემდეგ მივხდებით, რომ არ გვჭირდებოდა

ყველამ უნდა ვიცოდეთ, შესაძლოა, აღმოვჩნდეთ ძალიან ბევრი ზეთით, მაკარონით, შაქრით ან მარილით ხელში, რომელზეც რამდენიმე დღის შემდეგ მივხდებით, რომ ეს არ გვჭირდებოდა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის შემოღების საკითხი არ დგას, ჭარბი რაოდენობით პროდუქტების შესყიდვის საჭიროება არ არსებობს და მთავრობა აქტიურად მუშაობს ყველა შესაბამის სექტორთან.

„ამ ეტაპზე არანაირი საჭიროება საგანგებო ვითარების გამოცხადების არ დგას, არ განვიხილავთ ამ ეტაპზე საგანგებო ვითარების შემოღებას. შესაბამისად, არ დგას არავითარი საჭიროება ჭარბი რაოდენობით გარკვეული პროდუქციის შესყიდვის, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ პროდუქციასაც აქვს გარკვეული ვადა და შესაძლოა, ჩვენი ოჯახები მოვაკლოთ იმ შემოსავალს და აღმოვჩნდეთ ძალიან ბევრი ზეთით, მაკარონით, შაქრით ან მარილით ხელში, რომელზეც რამდენიმე დღის შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ არ გვჭირდებოდა.

რა თქმა უნდა, არაორდინალური ვითარებაა მთელს მსოფლიოში, მაგრამ ამასთან თქვენ ხედავთ, რომ უკლებლივ ყველა ნაბიჯს ვითვლით წინასწარ, ვახორციელებთ ძალიან ბევრ პრევენციულ ღონისძიებას, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ყველა სექტორის წარმომადგენელთან, იქნება ეს სავაჭრო სექტორი, იქნება ფარმაცევტული სექტორი, სამედიცინო სექტორი თუ ნებისმიერი სხვა, ყოველდღიურ რეჟიმში, სამთავრობო უწყება და ეკონომიკური სექტორის ძალიან ბევრი წარმომადგენელი აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც მოქალაქეებს ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან და საზოგადოებას მოუწოდა, არ აყვნენ პანიკას და გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები გავერთიანდეთ ამ თვალსაზრისითაც. ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა, სოლიდარობასც მათ შორის, გამოიხატება იმაში, რომ ჩვენც არ ავყვეთ ზედმეტ ემოციას, ზედმეტ პანიკას. ძალიან კარგად გვქონდეს გააზრებული, რომ ყველა სტრუქტურა, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, ბიზნესიც ძალიან მჭიდროდ, ძალიან კოორდინირებულად ვმუშაობთ, რომ გამოვრიცხოთ ყველანაირი შეფერხება. ამ ეტაპზე, რაიმე სახის პანიკური შესყიდვის, რაიმე სახის განსაკუთრებული ქმედებების აუცილებლობა არ დგა.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ემსახურება ჩვენს მოქალაქეებს – ეს არის მოლარე, კონსულტანტი მაღაზიაში, ეს არის გამყიდველი ნებისმიერ მაღაზიაში, აფთიაქში. ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც საჯარო სექტორს ემსახურება, იმსახურებს ძალიან დიდ დაფასებას, მადლობას თითოეული მოქალაქის მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, დავიცვათ ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სექტორი გვაძლევს და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არ ავყვეთ პანიკას,“ – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

დატოვე კომენტარი