უმრავლესობის სხდომა ის აუცილებელი ფორმატია, რომელიც უზრუნველყოფს გუნდის შიგნით ყველა საკითხზე მსჯელობას, ეს არ არის სადამსჯელო შეხვედრა, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გუნდის გამართული მუშაობისთვის მნიშვნელოვანია.
„არა ერთი ასეთი სხდომა გვინახავს ყოველგვარი აჟიოტაჟისა და მოლოდინების გარეშე. ასეთი სხდომები იმართება, რათა გუნდი შეჯერდეს და შეთანხმდეს მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ხშირად წინ უძღვის მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებს.
დარწმუნებული ვარ, დღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ თუნდაც მწვავე დისკუსიის რეჟიმში, გუნდის შიგნით შეჯერდეს პოზიციები. აუცილებელია ასეთი ტიპის დიალოგი, რათა ყველა ის საკითხი, რომელიც აწუხებს უმრავლესობის თითოეულ წევრს, გუნდის შიგნით განიხილონ. ამჯერად ეს შეხვედრა ჩემთვის ატარებს ასეთ ხასიათს. ეს არ არის სადამსჯელო შეხვედრა და ნუ შევქმნით ამ შეხვედრიდან აჟიოტაჟს. ეს აუცილებელია გუნდისთვის და უმრავლესობის გამართული მუშაობისთვის“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.