მაია ცქიტიშვილი – სივრცითი დაგეგმარების პროცესის ეფექტურობისთვის საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება
სივრცითი დაგეგმარების პროცესის ეფექტურობისთვის საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.
ცქიტიშვილმა სივრცითი დაგეგმარების პროცესის ეფექტურად განხორციელებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
„სამინისტროში გადმოვიდა სივრცითი დაგეგმარების ფუნქცია და ჩვენ, ბუნებრივია, ვეცდებით მაქსიმალურად ორგანულად განვითარდეს ეს ფუნქცია რეგიონების განვითარების სტრატეგიების ჭრილში”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარების დოკუმენტაციის შემუშავება ახმეტის, თუშეთის, რაჭის, უშგულის მუნიციპალიტეტებში, კურორტ ლებარდეზე. ასევე დასკვნით ეტაპზეა მცხეთის გენგეგმის შემუშავებაზე გამოცხადებული კონკურსი.
„ბუნებრივია, ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ როგორც ექსპერტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით. ამ მიზნით, ვფიქრობთ, სამინისტროში შევქმნათ საკონსულტაციო საბჭო, რომელიც დაგვეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, რათა შევქმნათ თითოეულ ამ დასახლებაში და ეკონომიკურად საინტერესო რეგიონებში ის განვითარების გეგმები, რომლებიც უზრუნველყოფს რეგიონების სწორ და მდგრად განვითარებას ყოველგვარი ქაოტური განაშენიანების გარეშე”, – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.