მაია ცქიტიშვილი - უნდა ავირჩიოთ ქმედითი, გადაცემის ჯაჭვების გაწყვეტაზე, გავრცელების შენელებაზე ორიენტირებული შეზღუდვები, რომლებიც ნაკლებად დააზიანებს ჩვენს ეკონომიკას
მაია ცქიტიშვილი - უნდა ავირჩიოთ ქმედითი, გადაცემის ჯაჭვების გაწყვეტაზე, გავრცელების შენელებაზე ორიენტირებული შეზღუდვები, რომლებიც ნაკლებად დააზიანებს ჩვენს ეკონომიკას

განვიხილავთ ისეთი ტიპის შეზღუდვებს, რომლებიც საერთოდ ყველა ქვეყანაში გამოიყენება სწორედ ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვისთვის და როგორც ვიცით ყველამ, ყველაზე ეფექტური საშუალება კვლავ არის პირბადე, სოციალური დისტანციის გამოყენება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის შემდეგ განაცხადა.

„შეგახსენებთ, დაწესებულია რეგულაცია, რომლის ფარგლებშიც გარეთაც სავალდებულოა პირბადის მოხმარება და რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისითაც გააქტიურდება კიდევ უფრო უკვე ადმინისტრაციული კონტროლი იმისთვის, რომ ჩვენ აუცილებლად მივაღწიოთ პირბადის მოხმარების ისეთ დონეს, რომელიც უზრუნველყოფს გადაცემის შენელებას. ეს ერთი შეხედვით ყველაზე მარტივი, მაგრამ აუცილებელი მოთხოვნაა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიცვათ“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება სხვა ტიპის შეზღუდვებს, მეორე ყველაზე აქტიური და ყველაზე ქმედითი ზომა არის მობილობის შემცირება.

„სწორედ მობილობის შემცირებისკენ არის მიმართული დამატებითი შესაძლო შეზღუდვები, რომელიც, ერთის მხრივ შეიძლება იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა; მეორე მხრივ, ეს შეიძლება იყოს წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული სამუშაო დღეების ან არა სამუშაო დღეების განმავლობაში გარკვეული სავაჭრო ობიექტების სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით ან ისევ მათი საათების რეგულირების თვალსაზრისით.

ამ ზომების კომბინაციაც არის შესაძლებელი და ეს არის სწორედ ის, რასაც მთელი მსოფლიო იყენებს, ამას ვხედავთ ჩვენ ძალიან აქტიურად მათ შორის მედია საშუალებების გაშუქებითაც, თუ რა შეზღუდვები მოქმედებს სხვადასხვა ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ჩვენც ამ შეზღუდვებიდან, ერთ დაავადებაზე ვსაუბრობთ, მსოფლიოში ერთი და იგივე პრინციპებია. შესაბამისად ჩვენც ამ შეზღუდვებიდან უნდა ავირჩიოთ ისეთი შეზღუდვები, რომლებიც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ერთის მხრივ იქნება ქმედითი, იქნება ორიენტირებული გადაცემის ჯაჭვების გაწყვეტაზე და გავრცელების შენელებაზე და მეორე მხრივ, იქნება ისეთი შეზღუდვები, რომლებიც ნაკლებად დააზიანებს ჩვენს ეკონომიკას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ არის.